ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Harper's BAZAAR-ის თებერვლის ნომრის ყდაზე გამოჩნდება. ინტერვიუში ლოპესი თავის ოჯახზე, სასიყვარულო ცხოვრებასა და შოუ-ბიზნესში ყოფნის 30 წელზე საუბრობს.

90-იანების დასაწყისიდან დღემდე ჯეი-ლოს კარიერა მოიცავს 8 სტუდიურ ალბომს, ბესტსელერ წიგნსა და 34 ფილმს. თუმცა, მისი თქმით, ცნობადობა დიდ წარმატებასთან ერთად, სირთულეებთანაც არის დაკავშირებული:

"ხანდახან ადამიანები ცდილობენ, რომ თავი მატყუარად და ცუდ ადამიანად გაგრძნობინონ. შესაძლოა, მათ შეძლონ და საკუთარ თავში დაგაეჭვონ. თუმცა, საბოლოოდ ხვდები, რომ შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია და ბევრიც იშრომე, რომ იმისთვის მიგეღწია, სადაც ახლა ხარ. და იცით რა? ჩემ თავს ვულოცავ ამ წარმატებას და ვეუბნები, რომ ყოჩაღია და დასვენებას იმსახურებს".

პირად ცხოვრებაზე საუბრისას, ლოპესმა აღნიშნა, რომ წარსული ურთიერთობები საკუთარი თავის გამორკვევასა და აღმოჩენაში ეხმარებოდა:

"სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლი, შეუძლებელია, სხვა ადამიანი ისე შეიყვარო, რომ ეს გრძნობა წრფელი და ნამდვილი იყოს. და როცა ეს მოხდება, მზად იქნები იმ ურთიერთობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სიყვარულსა და პატივისცემაზე. რომელშიც მხარდაჭერას იგრძნობ და გაზრდას შეძლებ. ჩემში ეს ევოლუცია მოხდა და ახლა კარგ ადგილას ვარ".

ჯენიფერ ლოპესი პარტნიორ ალექს როდრიგესთან ერთად

ჟურნალისთვის გადაღებულ ფოტოსესიაში, ლოპესს ჟივენშის, შანელის და ივ სენ ლორანის საცურაო კოსტიუმები აცვია.

ლოპესმა Sia-ს მიერ დაწერილ სიმღერაზე გადაღებულ კლიპზეც ისაუბრა, რომელშიც მისი 10 წლის შვილი, ემაც მონაწილეობს:

"ვიდეოში ემა იმ პატარა გოგოს როლს თამაშობს, რომელიც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. იმ წამიდან, როცა ქალი ხდები, აღმართზე ბრძოლა გიწევს. მასთან ერთად გადაღება ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება იყო. ამის მიუხედავად, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ მინდოდა მისთვის ბიძგი მიმეცა. თუმცა როგორც ჩანს, ჩემი გენები აქვს და შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გაუჭირდება".