საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე — 15 თებერვლიდან დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატია განსაზღვრული. მისივე განმარტებით, 15 იანვარს პოლიტიკის შემუშავება დასრულდება და საშტატო ერთეულებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება.

"მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი და ძალიან ეფექტიანი, ისე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები", — განმარტავს მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, 15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

"15 თებერვლიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას", — აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა. ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვრა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც. ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში 30 ნოემბერს, არჩევნებიდან 2 დღეში შევიდა, ხოლო 13 დეკემბერს დაამტკიცეს.