ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულებმა ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე სასამართლოს ჩვენება არ მისცეს. სხდომა ცრუ ჩვენებაში ბრალდებულის, დ.ღ.ს საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევით დასრულდა.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავს თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულებმა უარი იმ მოტივით თქვეს, რომ თავისი თავის წინააღმდეგ მამხილებელ ჩვენებას ვერ მისცემდნენ. მოსამართლემ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ მესამე არასრულწლოვანი მოწმეც წარმოადგინა, რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეა. ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოწმე არ ყოფილა მკვლელობის ადგილზე და ვერ მისცემდა "საჭირო" ინფორმაციას გამოძიებას.

"ამ მოწმემ საერთოდ ვერაფერი ვერ თქვა და არც შეეძლო. ის მხოლოდ წუთიერად იყო საპირფარეშოში", — თქვა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მან ვერ დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, დ.ღ.-ს არკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ:

"მოსამართლე გავიდა დარბაზიდან როგორ კი წერილობით მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა".

19 იანვარს გადის 6-თვიანი ვადა, როცა არასრულწლოვანი დ.ღ.-სთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეიძლება იყოს შეფარდებული.

30 ნოემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი, დ.ღ. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიების ვერსიით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
ბრალდების მხარის მტკიცებით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა უარყო.