დღეს პირველი სექტემბერია და იდეურად ახალი სასწავლო წლის დასაწყისია, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჩვენგანისთვის ეს დღე სკოლაში პირველად მისვლასთან ასოცირდება. თუმცა პირველი სექტემბერი, ხანდახან, სულაც არ არის პირველი სექტემბერი. მაგალითად, ჩემი პირველი სექტემბერი 1990 წლის 17 სექტემბერი იყო.

ამ დღეს ბევრი ენთუზიაზმი, ნერვიულობა (ძირითადად მშობლების) და პანიკა შეინიშნება. სკოლის პირველი დღე აბსოლუტურად ყველა პირველკლასელს უხარია, ეს რაღაც ახალის და ამოუცნობის დასაწყისია. ამ დროს გრძნობ, რომ თითქოს ბავშვი აღარ ხარ და აწი ენის მოჩლექითაც აღარავინ დაგელაპარაკება. როგორც არ უნდა გძულდეთ სკოლა და როგორი ცუდი მოგონებებიც არ უნდა გქონდეთ ამ პერიოდთან, დარწმუნებული ვარ, პირველი დღე ყველას კარგად და პოზიტიურად გახსოვთ.

ამიტომ გადავწყვიტე, კარგად მომექექა ჩემი მოგონებები და დამეწერა იმ 7 ტიპის ბავშვზე, რომელსაც აუცილებლად შეხვდებოდით პირველ სექტემბერს.

1. დაბნეული ბავშვი

ფოტო: Giphy

ამ დღისთვის დიდი ხანი ემზადებოდა, დილას მშვენიერ ხასიათზე იყო, მხნედ, მხიარულად, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, მაგრამ მოვიდა სკოლაში და უცებ აღმოჩნდა უამრავი ახალი ადამიანის გარემოცვაში.

  • სხვა ბავშვები ჭყიპინებენ,
  • ტირიან,
  • დედები ღრიალებენ,
  • ერთმანეთს იცნობენ,
  • ცდილობენ თავიანთი შვილები ერთმანეთს გააცნონ: "დედიკო, აი, ეს ბესიკია, თქვენ ერთად დაჯდებით მერხზე, ხო, დედა?!"
  • მასწავლებლები იღიმიან,
  • ყველა ერთმანეთში ირევა,

სრული ქაოსია.

დაბნეული ბავშვი, საკუთარ სიტყვის მარაგში სიტყვა ქაოსს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს, იმიტომ რომ მეხუთე-მეექვსე კლასამდე ამ სიტყვას ვერ ისწავლის და ამიტომ უბრალოდ თვალები უფართოვდება და დედას ეკრობა. აწ <3

2. "დასტოინი" ბავშვი

ფოტო: Giphy

"დასტოინი" ბავშვი თვითონაც დაბნეულია, მაგრამ ამ მომენტში მის გონებაში გარდამტეხი მომენტი დგება. ის სწავლობს ემოციების კონტროლს, ფასადურად მაინც. ის საკუთარ თავს აჯერებს, რომ საერთოდ არ ნერვიულობს, სხვა ბავშვებსა და მშობლებზე გადააქვს ყურადღება და საბოლოოდ სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს. ამ დროს მასთან მოჰყავთ ბესიკი, რომელიც გარიგების მიხედვით მასთან ერთად უნდა დაჯდეს მერხზე. მაგრამ "დასტოინმა" ბავშვმა ჯერ არ იცის, რომ კლასში რომ შევა, მას ყველაზე დიდი გამოცდა ელოდება, მას გოგოსთან ერთად დასვამენ!

3. პოზიტიური ბავშვი

ძალიან უხარია, რომ აქ არის, ძალიან უხარია ახალი ჩანთა, სკოლა, წიგნები, რვეულები, პენალი - ოღონდ შეიძლება ისე გახდეს 70 წლის, რომ პენალი და პენალტი ვერ გაარჩიოს ერთმანეთისგან, უხარია ახალი ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ახალი ადამიანები, ყველაფერი უხარია, არც ნერვიულობს. ხანდახან შეიძლება იხტუნოს კიდეც. ერთი სული აქვს როდის დაირეკება პირველი ზარი და როდის შევა კლასში.

4. მატრაკვეცა ბავშვი

ფოტო: Giphy

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ეს ბავშვი მე ვიყავი.

აი, დაირეკა ზარი, მასწავლებელი დადგა დაფასთან, მშობლები კედლებს აეყუდნენ, ჩურჩულებენ, ჩუმად იცინიან, ფოტოებს იღებენ, მასწავლებელი მოგვესალმა, გაგვეცნო, სია ამოიკითხა და ახლა გვეკითხება, აბა ვინ იცის ლექსი? და ამ დროს მატრაკვეცა ბავშვი წევს ხელს, მასწავლებლის დასტურის შემდეგ დგება ფეხზე და რიხით ამბობს "მე პატარა ქართველი ვარს!", მორჩება, მასწავლებელი შეაქებს და ძალიან კმაყოფილი სახით დაჯდება.

5. გულჩვილი ბავშვი

ფოტო: Giphy

და აი, დგება მომენტი, როცა ერთ-ერთ ჩვენგანს ნერვები უმტყუნებს და ასეთ სტრესს ვეღარ უძლებს. ეს ყველასთვის გადამწყვეტი მომენტია, ამ დროს ყველა ჩვენგანი დაზაფრულია და ცდილობს თვითონაც არ აჰყვეს თანაკლასელს ტირილში. რაღაც მომენტში გვშურს კიდეც, რომ მან გაბედა და თავის ემოციებს გასაქანი მისცა, ჩვენ კიდევ ვცდილობთ გულში ჩავიკლათ, ღრმად ვისუნთქოთ, დედას გავხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგადაა.

6. პირველივე დღეს რომ ყველაფერს მიხვდა, ის ბავშვი

ფოტო: Giphy

ის პირველივე დღეს მიხვდა, რომ არც ისე სასიხარულოდაა ყველაფერი და 12 წლის განმავლობაში ამ გარემოსა და რეჟიმში ცხოვრება მოუწევს. დილას ადრე ადგომა, გაკვეთილებზე დასწრება, საშინაო დავალებების შესრულება და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თან ამ ყველაფერს ისიც დაემატება, რომ ყველა მოზრდილი ადამიანი მოატყუებს, რომ მისი ძალიან შურთ.

7. მისი და/ძმა რომ ამავე მასწავლებლის მოსწავლე იყო, ის ბავშვი

ფოტო: Giphy

კლასის გაცნობისას, მას მასწავლებელი ეტყვის, რომ მისი და/ძმა კარგად ახსოვს და იმედი აქვს, რომ ისიც ისეთივე ჭკვიანი იქნება. ბავშვს უხარია, თუმცა მან ჯერ არ იცის, რომ მომავალი 12 წელი მის დიდ და/ძმას შეადარებენ და არც ერთ შეცდომას აპატიებენ.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ტიპის ბავშვი გამომრჩა, მაგრამ არაუშავს, მთავარია, რომ ამ შვიდს აუცილებლად შეხვდებით, დანარჩენები თქვენ დაამატეთ.