თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ხაზარაძისთვის ნასესხები თანხა, "არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე", მოხმარდა თიბისი ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას. ზვიად კორძაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა.

"გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი", — ამბობს ადვოკატი და განმარტავს იმასაც, რომ მთელი თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ თიბისი ბანკს მოხმარდა. "არსად ეს თანხა, ერთი კაპიკი სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში".

ზვიად კორძაძის აზრით, თიბისი ბანკთან დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას "ხელოვნურობის ფონი" გასდევს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

"2008 წლის აპრილში და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც თიბისი ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას" უწოდებს.