საქართველოს პოზიციები 2018 წლის დემოკრატიის ინდექსში 10 ადგილით გაუარესდა. 2017 წელს საქართველო აღნიშნულ ინდექსში 79-ე ადგილს იკავებდა, 2018 წელს კი 89-ზე გადაინაცვლა. ამის მიზეზად, კვლევაში უმთავრესად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და პოლიტიკური ძალაუფლების ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში კონცენტრაციას ასახელებენ. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი ბიძინა ივანიშვილის ფიგურაზე კეთდება.

ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავაც ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოთა ჯგუფში რჩება. დემოკრატიის ინდექსს ყოველწლიურად ბრიტანეთში დაფუძნებული Economist Intelligence Unit ადგენს.

2017 წლის მონაცემებით საქართველო 5,93 ქულა მიიღო, ხოლო 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 5,5 ქულამდე დაეცა. კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიციები დემოკრატიის მაჩვენებლების კუთხით აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად გაუარესდა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტია უხეშად ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და რჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერა დააანონსა", — ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევაში სულ ოთხი კატეგორია არსებობს ესენია: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული დემოკრატია და ავტორიტარული რეჟიმი.

დემოკრატიის ინდექსი ოთხ კრიტერიუმს ეფუძნება ესენია: საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური კულტურა, მთავრობის მუშაობა. სწორედ ამ კრიტერიუმებში მიღებული ქულების მიხედვით ნაწილდებიან ქვეყნები სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებში.

დემოკრატიის ინდექსი პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეიტინგად ითვლება.