შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 გრიპის ვირუსების გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. უწყების ცნობით, ვირუსული ინფექციების გამო მიმართვიანობა გაზრდილია.

"გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა. ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა, 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. 112 ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს
ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას", — ნათქვამია განცხადებაში.

112 მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს.

განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე. ასევე სწავლა გადაიდო თბილისის ბაგა-ბაღებშიც 21 იანვარამდე. საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ. ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკაა და გრიპის ვირუსი წინა წლების მსგავსად პროგრესირებს.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

ამავე თემაზე: