პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სახელი ზურა გირჩი ჯაფარიძეთი შეეცვალა, თუმცა, თავად ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო და საარჩევნო ბიულეტენებშიც ძველი სახელით იყო ჩაწერილი.

ჯაფარიძემ სახელის შეცვლა და გირჩის დამატება არჩევნების წინ გადაწყვიტა, რადგან ცესკო პარტიის სახელით არ არეგისტრირებდა. ჯაფარიძე ამბობდა, რომ სურდა ბიულეტენში გირჩიც ყოფილიყო დაწერილი, ამიტომ სახელის შესაცვლელად იუსტიციის სახლში განცხადება შეიტანა.

ჯაფარიძის თქმით, უწყებაში უთხრეს, რომ გასაუბრებაზე დაიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში გირჩის ჩამატების საკითხს. მისივე თქმით, უთხრეს, რომ თუ გასაუბრებაზე არ მივიდოდა განცხადებას გააუქმებდნენ.

ჯაფარიძე გასაუბრებაზე არ მისულა, რადგან არჩევნებზე ის პარტიის სახელით დაარეგისტრირეს. მისი მტკიცებით მას არავინ შეხმიანებია და 8 ოქტომბერს მესიჯი მიუვიდა, რომ პროცედურა დასრულდა. მისივე თქმით, რადგან გასაუბრებაზე არ მისულა ჩათვალა, რომ განცხადება გააუქმეს.

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ დღეს, 9 იანვარს იუსტიციის სახლში მომსახურებით ვერ ისარგებლა, რადგან მისი პირადობის ნამდვილობა არ დადასტურდა. მისი თქმით, იუსტიციის სახლში უთხრეს, რომ უკვე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჰქვია.

"28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? ვის მისცა ხმა 36,000-მა ადამიანმა? იქნებ დაიბნა ხალხი, ზურაბ გირჩი-ს ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?" — წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

მომხდართან დაკავშირებით On.ge სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.