საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. ამის შესახებ პროკურორმა, სალომე გოგინაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"აქტივობების შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს", — განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იმ კომპანიისგან ისესხეს ფული, რომელმაც სესხი თიბისი ბანკიდან მიიღო. საუბარია 17 მლნ აშშ დოლარზე

"2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ სამგორი თრეიდს და შპს სამგორი M-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე, არ გაუსტუმრებიათ შპს სამგორი თრეიდისა და შპს სამგორი M-ს, ვალი", — აღნიშნავს პროკურატურა.

2018 წლის 2 აგვისტოს გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო.

ამავე თემაზე:

თიბისი ბანკი: პროკურატურამ დოკუმენტები 2008 წლის საბანკო ოპერაციასთან დაკავშირებით ამოიღო