შეიძლება ოქროს გლობუსისთვის არ გიყურებიათ, თუმცა აუცილებლად გაიგებდით, რომ საღამოს მთავარი ვარსკვლავი წყალ Fiji-ს პრომო გოგონა იყო. ის ჰოლივუდის ვარსკვლავების ფონზე დიდებულად პოზირებდა კამერების წინ და პროდუქტს შესანიშნავ რეკლამას უკეთებდა.

ამ შესაშურად მაგარი რეკლამის გამო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოქროს გლობუსის ერთადერთი და ნამდვილი გამარჯვებული სწორედ სასმელი წყლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც ამ გოგოს წყალობით არც მეტი, არც ნაკლები $12 მილიონი გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს გლობუსზე კომპანიას წინა წლებშიც ჰყავდა პრომო გოგოები, ასეთი მასშტაბური რეკლამა არასდროს გაკეთებულა. ამ გოგოს ფოტო ვირუსივით გავრცელდა მსოფლიოს ყველა კუთხეში და ახლა უკვე ყველამ იცის Fiji-ს არსებობის შესახებ.

გლობუსის დასრულებისა და საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, კომპანიამ პირველი განცხადება ტვიტერზე დაწერა.

"გვიხარია, რომ ყველა ჩვენზე საუბრობს", - წერია ტვიტში.

რაც შეეხება პრომო გოგონას, ის მოდელი კელეტ კუტბერტია, რომელიც საყოველთაო აჟიოტაჟს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვერც კი წარმოედგინა, რომ Fiji წლევანდელი გლობუსის "მთავარი გმირი" გახდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კელეტს ოქროს გლობუსამდე ინსტაგრამზე 60 ათასი გამომწერი ჰყავდა, ახლა კი მათი რიცხვი 190 ათასზე მეტია.