წარუმატებელი ორსულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა შემთხვევების 50 პროცენტში ვერ ხერხდება, რაც ხშირად დამატებითი სტრესისა და უსიამოვნების წყარო ხდება.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წარუმატებელი ორსულობების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სპერმატოზოიდების დაბალი ხარისხი იყოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ მოძველებულ შეხედულებასთან, რომლის მიხედვითაც წარუმატებელი ორსულობის გამომწვევი მთავარი მიზეზები ქალში იმალება.

წარუმატებელი ორსულობის შემდეგ დიაგნოსტიკური კვლევები ძირითადად ქალებს უტარდებათ ხოლმე, კაცებს კი - არა.

"ტრადიციულად, ექიმები წარუმატებელი ორსულობის დროს ძირითად აქცენტს ქალის ჯანმრთელობაზე აკეთებენ. მამაკაცის ჯანმრთელობა და მისი სპერმის ხარისხი, როგორც წესი, არ მოწმდება. აღნიშნული კვლევა კი გვაძლევს კიდევ უფრო მეტ საბუთს, რომ სპერმატოზოიდები ორსულობის ნორმალურად წარმართვაში დიდ როლს თამაშობენ. მაგალითად, ერთ-ერთი წინა კვლევით ირკვევა, რომ სპერმა მონაწილეობას პლაცენტას ჩამოყალიბებაშიც იღებს, პლაცენტა კი ნაყოფს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს", - აცხადებს კოლეჯის მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი და კვლევის ავტორი ჩანა ჯაიასინა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 50 მამაკაცის სპერმა გააანალიზეს, რომელთა პარტნიორებსაც წარუმატებელი ორსულობის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ, ამასთან ერთად მათ შეისწავლეს კიდევ 60 მამაკაცის სპერმა, რომელთა პარტნიორებსაც ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონიათ. საბოლოოდ მათ აღმოაჩინეს კავშირი სპერმის ხარისხსა და წარუმატებელ ორსულობებს შორის.

ამ შედეგის უკან მდგარი ზუსტი მექანიზმები გარკვეული არ არის, მაგრამ გაირკვა, რომ იმ ადამიანების სპერმატოზოიდებში, რომლებსაც წარუმატებელი ორსულობის შემთხვევები ჰქონიათ, დნმ ორჯერ უფრო დაზიანებული იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებსაც ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.

სპერმატოზოიდების უფრო ღრმა ანალიზით დადგინდა, რომ მათში არსებული დნმ-ის დაზიანებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებია, რომლებიც სპერმაში წარმოიქმნება. ჟანგბადის აღნიშნული მოლეკულები, როგორც წესი, სპერმას ინფექციებისგან იცავს, თუმცა დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში მათ ზიანი შეიძლება თავად სპერმატოზოიდებსაც მიაყენონ.

იმ მამაკაცების სპერმაში, რომელთა პარტნიორებსაც წარუმატებელი ორსულობის შემთხვევები ჰქონდათ, თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების რაოდენობა საკონტროლო ჯგუფისას ოთხჯერ აღემატებოდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების მომატებული რაოდენობა შესაძლოა წარსულში გადატანილი ინფექციებით, ან პროსტატის ჯირკვალში არსებული ბაქტერიებით აიხსნას, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით სპეკულაციაა.

აღნიშნული შედეგების დასადასტურებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ავტორები იმედოვნებენ, რომ მიღებული შედეგები იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც დაორსულებას ვერ ახერხებენ.

"მედიცინას დიდი დრო დასჭირდა, რათა ეღიარებინა, რომ სპერმატოზოიდების ხარისხს ჩასახვასა და ორსულობის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა აქვს. ფაქტია, რომ წარუმატებელი ორსულობების მიზეზები მხოლოდ ქალებში არ იმალება. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ეს შეიძლება ისევე მომდინარეობდეს მამაკაციდან, როგორც ქალიდან. იმედი გვაქვს, რომ ამის გააზრებით წარუმატებელი ორსულობის გამომწვევი მიზეზების ახსნას უკეთ შევძლებთ, რასაც მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაც მოჰყვება", - აცხადებს ჯაიასინა.

კვლევა ჟურნალ Clinical Chemistry-ში გამოქვეყნდა.

გაიგეთ მეტი: