იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებითაც ისაუბრა. მისივე განმარტებით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა პირებიც ესწრებოდნენ.

ბესელია ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ სიის განხილვა კომიტეტში წარდგენიდან მეოთხე დღეს მოითხოვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები 24 დეკემბერს წარადგინა.

კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა და დაამატა, რომ მას შემდეგ კობახიძეს ცალკეც შეხვდა.

"პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელობის სახელმწიფო საკითხი ასეთი ფორმით გადაწყდეს და არ შეიძლება, მას არ ჰქონდეს სწორი პოზიცია. ჩვენ ეს საუბარი გვქონდა სამშაბათს [25 დეკემბერს] საღამოს, ოთხშაბათს დილით მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.