თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუჩქუ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელ დავით თარხან-მოურავის განცხადებას რუსთავი 2-თან ინტერვიუში პასუხობს და აცხადებს, რომ თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე:

"თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება".

ელჩი აღშფოთებას გამოთქვამს პატრიოტთა ალიანსის განცხადებაზე, რომ თურქეთი საქართველოს მტერია. მისი განმარტებით, გავრცელებული კომენტარები იმის შესახებ, რომ თურქეთი ოსმალეთის იმპერიის აღდგენას ცდილობს, სასაცილოა.

თურქეთის ელჩი ამგვარი საკითხების წამოჭრას წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ აჭარასა და ბათუმზე ამგვარ ბრალდებებს თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისას, შარშან დეკემბერშიც პასუხობდა.