2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა. ეს ინფორმაცია 2018 წლის ფისკალური რისკების ანალიზში წერია, რომელიც მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს დაურთო. ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით თავდაპირველად მასალა ბიზნესმედია ჯგუფმა გამოაქვეყნა.

ფისკალური რისკების ანალიზში ვკითხულობთ, რომ უარყოფითი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი საქართველოს რკინგზის 354 მილიონიანი ზარალია. სულ სახელმწიფო 68 კომპანიამ 2017 წელი 562,937 მლნ ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა.

"კომპანია KPMG საქართველოს მიხედვით, [მიზეზი] განპირობებულია ე.წ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან", — აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე კომპანიის დასკვნის მიხედვით, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანიას შპს ენერგოტრანსს "ფულადი ნაკადები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები" ჰქონდა.

ამავე დოკუმენტში აღწერილია ფონდის საქმიანობა და მიზნები:

"ფონდის ძირითად ფუნქციებს შეადგენს ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტიციების განხორციელება საქართველოში მოქმედ კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, სააქციო კაპიტალისა და ვალის დაფინანსების და გარანტიის გზით".