იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომიტეტში მოსამართლეების სიის განხილვა წარდგენიდან მეოთხე დღეს მოითხოვა. იუსტიიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები 24 დეკემბერს წარადგინა.

როგორც ბესელია ტვ პირველთან ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებელი მიაჩნდა, 28 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების სია განეხილათ, მისთვის მხარი დაეჭირათ და იმავე დღეს სესიაზე გაეტანათ. ბესელიას თქმით, მსგავსი რამ მისთვის წარმოუდგენელი იყო.

მისივე თქმით, ამის შესახებ ირაკლი კობახიძეს ის ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით და ცალკეც ესაუბრა:

"პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელობის სახელმწიფო საკითხი ასეთი ფორმით გადაწყდეს და არ შეიძლება, მას არ ჰქონდეს სწორი პოზიცია. ჩვენ ეს საუბარი გვქონდა სამშაბათს [25 დეკემბერს] საღამოს, ოთხშაბათს დილით მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.

ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.