მმართველი პარტიის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ გუნდს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება მხარს დაუჭერს იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევას ვინც, "სააკაშვილისა და ადეიშვილის რეჟიმს ემსახურებოდა". ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მისი ადგილი არ იქნება "ამ ადამიანების გვერდით".

"ეს არის ჩემთვის ის წყალგამყოფი, რამაც მატარა ჩემი ცნობიერი წლები, აი, ამ ბრძოლის ხაზზე", — განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იზამს თუკი ქართული ოცნება მას მოსამართლეების საკითხის გადაწყვეტამდე დაითხოვს გუნდიდან, ბესელია პასუხობს: "მე არ მაინტერესებს მდინარაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ფრაქციიდან რა მანიპულაციებით გამოიწვევს გედი ფოფხაძეს".

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.

ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.