მეცნიერებმა, რომლებიც ირლანდიის ერთ-ერთი რეგიონის ნიადაგს იკვლევდნენ აღმოაჩინეს, რომ ის ამ დრომდე უცნობ ბაქტერიას შეიცავს, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ოთხი ყველაზე ცნობილი პათოგენის განადგურება შეუძლია, მათ შორისაა მეთიცილინსადმი რეზისტენტული Staphylococcus aureus-იც.

ამჟამინდელი ვარაუდით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა 2050 წლისთვის 1.3 მილიონ ადამიანს შეიწირავს.

ბაქტერია სვანსეას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა გლობალური ჯანდაცვისთვის, საკვების წარმოებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.

მეცნიერების მიერ გაანალიზებული მიწა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფერმანას რეგიონში იყო მოპოვებული. ეს რეგიონი ტუტე მინდვრებით არის ცნობილი, ადგილობრივებში კი დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ ამ მიწას სამკურნალო თვისებები გააჩნია.

მასში აღმოჩენილი ბაქტერიის შტამს მეცნიერებმა Streptomyces sp. myrophorea უწოდეს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მეცნიერებს აიძულებს, რომ ანტიბიოტიკების ახალი წყაროები ეძებონ, ერთ-ერთი ასეთი წყაროა სახალხო მედიცინაც, ამ დარგს ეთნოფარმაკოლოგია ეწოდება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯერი ქვინი წარსულში ფერმანას რეგიონში ცხოვრობდა და მან ადგილობრივი ტრადიციების შესახებ დიდი ხანია იცოდა.

ტრადიციულად, მიწას ბამბის ნაჭერში ახვევდნენ და მას კბილის ტკივილის, ყელისა და კისრის ინფექციების სამკურნალოდ იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში დაახლოებით 1500 წლის წინ დრუიდები ცხოვრობდნენ, 4 000 წლის წინ კი ამ ადგილას ნეოლითური დასახლებები არსებობდა.

ახლად აღმოჩენილი სტრეპტომიცი, ისევე როგორც გრამ-დადებითი, ასევე გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართაც ეფექტური იყო. ეს ორი სხვადასხვა ტიპის ბაქტერია ერთმანეთისგან ძირითადად უჯრედის კედლის შემადგენლობით განსხვავდება. ზოგადად, რეზისტენტულობა უფრო მეტად გრამ-უარყოფით ბაქტერიებს ახასიათებთ.

ჯერჯერობით უცნობია, ბაქტერიის რომელი კომპონენტი ახდენს პათოგენების განადგურებას, თუმცა გუნდი ამის გარკვევაზე უკვე მუშაობს.

"ნაპოვნი ბაქტერია ოთხი ყველაზე ფართოდ გავრცელებული რეზისტენტული პათოგენის მიმართ არის ეფექტური. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ჩვენი კვლევით ირკვევა, რომ ტრადიციული მედიცინის შესწავლით ახალი ანტიბიოტიკების აღმოჩენაა შესაძლებელი. როგორც ჩანს, ამ თანამედროვე პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლოა უძველეს ტრადიციებში იმალებოდეს", - აცხადებს სვანსეას უნივერსიტეტის პროფესორი პოლ დაისონი.

"აღნიშნული აღმოჩენა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლაში დაგვეხმარება. ახლა კი აღმოჩენილი ანტიბიოტიკის იზოლირება და გასუფთავებას ვეცდებით. აღსანიშნავია, რომ მიწის ნიმუშში სხვა ანტიბაქტერიული ორგანიზმებიც აღმოვაჩინეთ, რომლებმაც შესაძლოა ეფექტურობა დანარჩენი რეზისტენტული პათოგენების მიმართაც გამოავლინონ", - აცხადებს პროფესორი ჯერი ქვინი.