ჰოლივუდის ისტორიაში თუ ვინმეს დიდებული მსახიობი შეიძლება ვუწოდოთ, ერთ-ერთი ნამდვილად არის გლენ ქლოუზი.

მსახიობი უკვე 45 წელია რაც ამ სფეროშია და მაყურებელს მუდმივად ანებივრებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟებით. ის ერთნაირად საინტერესოა როგორც კინო და ტელეეკრანზე, ასევე თეატრის სცენაზე.

მიუხედავად დიდი ნიჭისა, მსახიობს სხვადასხვა დაჯილდოებები რატომღაც არ წყალობენ. ქლოუზის ანგარიშზე ჯილდოების 115 ნომინაციაა და აქედან 45-ში მოიგო კიდეც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი ყველაზე დიდი გამარჯვება წლევანდელ ოქროს გლობუსზე შედგა, რადგან ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა პირველად მიიღო ასეთი კალიბრის პრიზი.

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, გლენი ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ვერც ერთხელ მოახერხა დოლბის თეატრის სცენაზე ასვლა და სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა.

რაც შეეხება ოქროს გლობუსს, მსახიობს საერთო ჯამში 14 ნომინაცია აქვს და აქედან სამში გაიმარჯვა. მაგრამ დღევანდელ დღემდე არც ერთი ყოფილა მხატვრულ ფილმში შესრულებული როლისთვის. გლენ ქლოუზმა, რომელიც საკუთარ თავს კინომსახიობს უწოდებს, წინა გლობუსები სატელევიზიო ფილმში (The Lion in Winter) და სერიალში (Damages) განსახიერებული პერსონაჟებისთვის მიიღო.

რაც შეეხება მის ბოლო ფილმს The Wife, მსახიობს ამ როლისთვის დიდი ალბათობით ოსკარის ნომინაციაც ექნება, თუმცა მის მთავარ კონკურენტად ოლივია კოლმანი სახელდება, რომელმაც ასევე არაჩვეულებრივად ითამაშა ფილმში The Favourite.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოსკარს და ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს ავა თუ არა დოლბის თეატრის სცენაზე გლენი და მიიღებს თუ არა პრიზს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.