ქართველებს ძალიან გაგვიმართლა და საცივის, გოზინაყის, თუ ჩურჩხელების ჭამისთვის 14 იანვარს კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს — ძველით ახალი წელი.

ვინაიდან ამხელა გამბედაობა აღმოგვაჩნდა და მზად ვართ, რომ წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ორჯერ მოვემზადოთ, ვინ იცის, იქნებ მომავალში ძველით შვებულება, ძველით დაბადების დღე, ან სულაც, საყვარელი შოუს ძველით ფინალური სერიაც დავაარსოთ.

გაინტერესებთ რას ვგულისხმობ?! მაშინ, ნახეთ 10 რამ, რაც ახალი წელივით ორი უნდა იყოს:

1. ძველით ხელფასი

ამ სამყაროში თუ რამე უნდა იყოს ორი, ეს ნამდვილად ხელფასია, რადგან ფულის კომუნალურებზე, საჭმელზე და გართობაზე სწორად გადანაწილება ძალიან ძნელი და დამღლელი პროცესია. იმ შემთვევაში, თუ კომპანია ძველით ხელფასსაც ჩაგვირიცხავს, ამდენი ტვინის ჭყლეტა სულაც არ მოგვიწევს.

საერთო მიზნის მისაღწევად, მოგიწოდებთ, რომ ეს სტატია თქვენს უფროსს გაუგზავნოთ და მერე დაამატოთ: "უი შემეშალა, სხვას ვწერდი".

2. ძველით შვებულება

ძველით შვებულება მარტივად გადაჭრიდა ისეთ პრობლემებს, როგორიც არის: ზღვაზე საკმარისი რუჯის ვერ მიღება, ორიგინალური Instagram სელფების ნაკლებობა, წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ჩამოჯდომა და ვერ თქმა "აუ, რა ვაკეთოოო".

3. ძველით სასუსნავი

მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ძველით სასუნავი ისედაც არსებობს.

კი, ტელევიზორის უკან, ბალიშის ქვეშ, წიგნების თაროზე და ქურთუკის ჯიბეში რომ შოკოლადები გაქვთ გადამალული, ეგენიც ითვლება.

4. საყვარელი სერიალის ძველით ფინალური სერია

დამეთანხმებით, რომ როდესაც საყვარელი სერიალი დასასრულს უახლოვდება, არაერთგვაროვანი ემოციები გვეუფლება ხოლმე. მართალია, ძალიან გვაინტერესებს რა მოხდება და თან გული გვწყდება, რომ საყვარელი პერსონაჟების საინტერესო თავგადასავალი ამოიწურა.

ამ ახალი პერსპექტივიდან კი კითხვა "აუ, ნეტა ძველით ფინალურ სერიაში რა მოხდება" სრულიად სხვა რეალობაში ამოგვაყოფინებდა თავს.

5. ძველით შაბათ-კვირა

ძველით შაბათ-კვირა რომ არსებობდეს, ყველა მეგობრის ნახვას მოვასწრებდით, ძველით ხელფასის ჩარიცხვისთანავე კი საშოპინგოდ წავიდოდით, საღამოობით უამრავი საყვარელი სერიალის ძველით ფინალურ სერიას ვნახავდით და ამასობაში ბლომად ძველით სასუსნავებსაც შევჭამდით.

ნუ, თავის მხრივ მეცნიერებიც აღმოაჩენდნენ, რომ ადამიანებმა მთვარეზე ძველით დაჯდომა განახორციელეს.

6. ძველით დაბადების დღე

29 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის, ძველით დაბადების დღე ხომ სამართლიანობის აღდგენის ტოლფასი იქნებოდა.

7. ძველით FACEBOOK ლაიქი

იმედია ერთხელაც გავიღვიძებთ და On.ge-ზე წავიკითხავთ ნიუსს "რაც ძველით Facebook ლაიქი გამოჩნდა, ნორვეგიაში ხალხი უფრო ბედნიერია".

აი, ის წარუმატებელი პოსტები, რომლებსაც, მხოლოდ ერთი მოწონება აქვთ, ჩვენს ნერვებს ხომ სერიოზულ ზიანს აყენებს.

8. ძველით ზაფხული

თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილი ამინდები ზაფხულის შემდეგაც გრძელდება, ძველით ზაფხულის იდეა საკმაოდ რეალისტურად ჟღერს.

დამატებითი ზაფხული ხომ იდეალური პერიოდი იქნება ძველით შვებულებაში გასასვლელად და იმ ყველაფრის განსახორციელებლად რაც მეორე პუნქტის, მეორე აბზაცში ამოიკითხეთ.

9. ძველით ქორწილი

თქვენი ქორწილი ახლოვდება და ორი საუკეთესო კაბიდან, თაიგულიდან, ფეხსაცმელებიდან, სამკაულიდან, ხელისმომკიდეებიდან, ხელსახოცებიდან, ტორტიდან, დანა-ჩანგლიდან, ფოტოგრაფიდან, მოსაწვევების დიზაინიდან, დიადემიდან, მანქანიდან, თუ მაკიაჟიდან საუკეთესოს ამორჩევა გიჭირთ?! თქვენს პრობლემას ძველით ქორწილი გადაჭრიდა.

10. ძაან ძველით ახალი წელი

გრინჩებთან და უფროსობასთან ბოდიში, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძველით ახალი წელიც ორჯერ უნდა აღინიშნებოდეს.

საუკეთესო ძაან ძველით ახალ წელს გისურვებთ!