შესაძლოა წიგნებში ამოკითხული გქონდეთ იმ უნივერსალური ენის შესახებ, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ და რომლის ცოდნის შესახებ არაფერი ვიცით.

თუმცა მათთვის, ვისაც ამის არ სჯერა, Google Translate არსებობს.

სწორედ გუგლის ონლაინ ლექსიკონმა ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი ბრიტანელი ქლოი სმიტისა და იტალიელი დანიელ მარისკოს რომანის დაწყებისას.

ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა ქლოი და დანიელი ერთმანეთს ივისაზე მდებარე ღამის კლუბში შეხვდნენ. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის სიტყვებს ვერ არჩევდნენ, რისი მიზეზიც ხმამაღალი მუსიკა კი არა, ენის ბარიერი იყო.

მაგრამ, ერთი ნახვით შეყვარებისას, მსგავსი წინააღმდეგობები დიდ პრობლემას არ წარმოადგენენ, განსაკუთრებით ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სამყაროში.

წყვილმა კომუნიკაცია Google Translate-ის საშუალებით დაიწყო, მოგვიანებით მათ ერთმანეთის ენების სწავლა დაიწყეს და ამ პროცესში ისინი ვიდეოებს სუბტიტრებით უყურებდნენ.

გაცნობიდან ერთი კვირის შემდეგ, ქლოი და დანიელი ბარსელონაში ერთად წავიდნენ დასასვენებლად. 2 წლის შემდეგ კი, ისინი უკვე ერთად ლონდონში ცხოვრობენ.

"დანიელში რაღაც აღმაფრთოვანებელი შეხვედრისთანავე აღმოვაჩინე და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ ენაზე არ ვსაუბრობდით პრობლემას არ წარმოადგენდა. ინიციატივა მე გამოვიჩინე და ნომერი ვთხოვე, რადგან ის უბრალოდ ძალიან მომხიბვლელია", - ამბობს ქლოი.

როგორც ის იხსენებს, მეგობრები და ნაცნობები მას აკრიტიკებდნენ, რადგან ერთი კვირის გაცნობილ ადამიანთან ერთად ბარსელონაში სამოგზაუროდ წავიდა, თუმცა ის ამას ცხოვრებაში მიღებულ საუკეთესო გადაწყვეტილებას უწოდებს:

"ხანდახან, სიყვარულის გამო სიგიჟეები უნდა აკეთო".

2-წლიანი თანაცხოვრების თავზე, წყვილს ლექსიკონის გამოყენება აღარ უწევს. ქლოი გრიმებს აკეთებს, დანიელი კი იტალიურ რესტორანში მუშაობს.

"ქლოი ბევრს ლაპარაკობდა და იცინოდა, მაგრამ მე ვერ ვიგებდი. ერთადერთი, რასაც ვხვდებოდი ისაა, რომ ის განსაკუთრებული იყო. ჩვენ შეხვედრის მომენტიდან ერთად ყოფნა გვინდოდა. მან მე ინგლისური მასწავლა და მე მას იტალიური კერძების მომზადება ვასწავლე".

ასე რომ, ენა სიყვარულში ბარიერს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მომხიბვლელი ხარ და იმ ეპოქაში ცხოვრობ, რომელშიც Google Translate ყველასთვის ხელმისაწვდომია.