პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა" და აუცილებელია "შესაბამისი ზომების მიღება". ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სიძულვილის ენის აღმოფხვრის მოტივით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ.

პირველად ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა მოიფიქრონ როგორ დაიცვან ადამიანები ცილისწამებისა და სიძულვილის ენისგან.

"იმისათვის, რომ ხვალ, ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც", — ამ საკითხებზე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტიურად საუბრობდა. კანდიდატიობის დროს ამბობდა, რომ დეზინფორმაციისა და სიძულვილის მსხვერპლი გახდა და ეს არაევროპულია.

ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".