ირანის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა ატლანტის ოკეანეში მარტიდან სამხედრო გემებს შეერთებული შტატებთან ახლოს საზღვაო წარმომადგენლობის გასაზრდელად გაგზავნის.

თეირანს მიაჩნია, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის ავიამზიდების ყოფნა ირანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც, ამერიკის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემების დისლოცირება, ირანს საფრთხის გასანეიტრალებელ ნაბიჯად მიაჩნია.

"ატლანტის ოკეანე შორსაა და იქ ირანის ფლოტილიის საქმიანობის დაწყებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება", - განაცხადა ადმირალმა თურაჯ ჰასანიმ.

მისივე თქმით, ფლოტილია მარტში, სპარსული ახალი წლის შემდეგ, გაემართება ატლანტის ოკეანისკენ.

ადმირალ ჰასანის განცხადებით, ფლოტილიაში ერთ-ერთი გემი ახალი ირანული გამანადგურებელი "შაჰადია". თეირანის განცხადებით, "შაჰადი" შვეულმფრენების გადასაყვანად აშენებული ავიამზიდია, ის ჰაერისა და ხმელეთის საწინააღმდეგო იარაღითაა აღჭურვილი და ელექტრონული ომის წარმოების შესაძლებლობები აქვს.

ირანსა და ამერიკას შორის სიტყვიერი დაპირისპირება განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები ირანის ბირთვული ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.

სანქციების თანახმად, ირანს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაყიდვა ეკრძალება. თეირანი დაიმუქრა, რომ თუ ირანს ეს უფლება არ აღუდგა, მაშინ სპარსეთის ყურის ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ შეძლებს, რადგან ირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს.

საერთაშორისო ბაზარზე გაყიდული ზღვით გადაზიდული ნავთობის ერთი მესამედი ჰორმუზის სრუტის გავლით გადის სპარსეთის ყურიდან.