ზუგდიდი რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით გარდაიცვალა. როგორც კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მესტიის საავადმყოფოდან კრიტიკულ მდგომარეობაში ზუგდიდში პირველ იანვარს გადაიყვანეს.

პაციენტს ორმხრივი ტოტალური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ორჟონიას განმარტებით, კაცს რამდენიმე პათოლოგია აღენიშნებოდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტი რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სინჯები უკვე აღებულია და, ალბათ, ხვალ ცნობილი იქნება იყო თუ არა გრიპოზული ინფექცია:

"მე დღესაც და გუშინაც რამდენჯერმე მივმართე სამედიცინო საზოგადოებას და მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში ძირითადად, 95% შემთხვევაში ცირკულირებს H1N1 ვირუსი, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მკურნალობის დაწყებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს", — განაცხადა გამყრელიძემ ტვ პირველთან.

4 იანვრის მონაცემებით ე.წ. ღორის გრიპით სულ რვა ადამიანი გარდაიცვალა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის 800 კოლოფი უკვე გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება — პსპ, ავერსი, ჯიპისი და ფარმადეპო.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პრეპარატს უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით.