დღეს, 5 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენგურის ხიდზე მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ ისურვებდა, "გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, გამაერთიანებელი ხიდი გახდეს".

"ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს", — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ენგურის ხიდზე ბოლოს 15 წლის წინ იყო, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი მეორედ მივიდა.

"15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა", — თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.