დღეს, 5 იანვარს, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს, ანუ ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის სიგელს/ბრძანებას. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. უკრაინული გამოცემა Unian წერს, რომ ცერემონიალი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართა.

ხელმოწერის პროცესს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საპარლამენტო სპიკერი ანდრი პარუბი, ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. შედეგად, უკრაინის მართლადიდებლური ეკლესია გახდა მე-15 ადგილობრივი ეკლესია.

ისტორიული ცერემონიალი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს პირდაპირი ეთერით გადაიცემა:

გუშინ 4 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა.

კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.

კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. თავდაპირველად საპატრიარქომ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა.