შვედეთის ქალაქ უფსალას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ექიმების გადაწყვეტილებით, კარანტინში მოათავსეს პაციენტი, რომელსაც, მათივე ვარაუდით, ებოლას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. ცნობილია, რომ სისხლიანი გულისრევის სიმპტომით პაციენტი საავადმყოფოში 4 იანვარს, დილით მივიდა.

ასევე, ცნობილია, რომ პაციენტი დაახლოებით ერთი თვის წინ აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი ბურუნდიში მოგზაურობდა. ექიმების ინფორმაციით, მათ, ჯერჯერობით, არ შეუძლიათ დაადასტურონ ებოლას დიაგნოზი. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის ავადობის მიზეზი, შესაძლოა, სხვა დაავადება იყოს.

გამოცემის ცნობით, ამ წუთისთვის ებოლას ვირუსი, ყველაზე მეტად სწორედ აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, განსაკუთრებით კი კონგოში.

ებოლა პირველად 1976 წელს გამოჩნდა. იშვიათმა ვირუსმა, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, სწრაფი გავრცელება დასავლეთ აფრიკაში 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წლის 17 თებერვლისთვის ვირუსით 11,315 ადამიანია გარდაცვლილი. ებოლა გადამდებია სისხლით, ან კანის კანთან კონტაქტით.