ქართული ოცნების დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიციაა, რომ სადაო საკითხები გუნდმა საჯაროდ არ უნდა განიხილოს.

"არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი, პოლიტიკოსები გუნდის შიგნით თუ სხვადასხვა აზრზე ვიქნებით, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს და არც არავინ არ უნდა ჩათვალოს არაგუნდურობად", — განაცხადა ფოფხაძემ.

ქართულ ოცნების შტაბში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება. მისივე თქმით, კომიტეტი მას ფრაქციამ დაატოვებინა.

"ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან. შესაბამისად, მე ვეღარანაირ თანამდებობას დავიკავებ კომიტეტში. მე გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა ის, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს".

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.

ამასთანავე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.

ამავე თემაზე: