იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზარალებულ ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ბავშვი ბათუმიდან გადმოიყვანეს.

სულ იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ბავშვია მოთავსებული, მათგან მხოლოდ ერთია ბათუმიდან, დანარჩენი — თბილისიდან. კლინიკის განმარტებით, მოზარდები 10-დან 13 წლამდე ასაკის არიან და სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქვეყნის მასშტაბით პიროტექნიკის დაზიანების გამო ხუთი შეტყობინება მიიღეს. აქედან, 3 შემთხვევა ბათუმიდან იყო, 2 — თბილისიდან.

საგანგებო სამსახურის ცნობით, იყო ერთი შემთხვევა ლანჩხუთში, სადაც პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო მოქალაქეებმა ხელის მტევნები დაიზიანეს. თბილისში, გეგეშიძის ბაღში პიროტექნიკით არასწორად გასროლის გამო ხეებს მოეკიდა ცეცხლი. ფიროსმანის ქუჩაზე კი მეზობელ სახლში აივანზე შეუვარდათ პიროტექნიკა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ბათუმში ევროპის მოედანზე ფოიერვერკის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ტურისტი. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ პიროტექნიკა საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გაისროლა.