საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი პირველად მიულოცა. თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენაზე, დეზინფორმაციაზე, ნარკოტიკებზე, სპორტსა და "დედა ენის" მნიშნველობაზე.

პრეზიდენტმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ბედნიერი და ამაყია იმით, რომ ორბელიანის სასახლის ეზოდან ულოცავს მოსახლეობას ახალი წლის შემოსვლას. შემდეგ კი ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მათ და ცხოვრებისეულ გაკვეთილზე ისაუბრა.

"იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას", — ამ საკითხებზე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტიურად საუბრობდა. მაშინ კანდიდატი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა და მოსახლეობას სიმშვიდის დაბრუნებას პირდებოდა.

პრეზიდენტმა მომავალ თაობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს "გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკით" ახალგაზრდები გარდაიცვალენ. მისი თქმით, ქვეყნის მოვალეობაა ახალგაზრდებს სიფრთხილისა და თავდაცვისკენ მოუწოდონ.

პრეზიდენტმა სკოლაში "დედა ენის" დაბრუნების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ წიგნზე გაზრდილი თაობა ქვეყანას ასახელებს. "დედა ენის" სკოლებში დაბრუნება ქართული ოცნების დეპუტატების ინიციატივაა.

პრეზიდენტმა ქართველი სპორტსმენების წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს მიღწევები ჯანსაღი ცხოვრების მაგალითია.

"ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილი", — განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ახალი წელი ემიგრანტებსაც მიულოცა და ხაზი გაუსვა ორმაგი მოქალაქეობის დაწესების პლიუსებსაც, რაც პარლამენტში მისი ინიცირებული კანონია.

საუბრის დასასრულს პრეზიდენტმა მოსახლეობას უსურვა ეს წელი მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი ყოფილიყო.