ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სესხების განულების პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდება. დღეს, 31 დეკემბერს, ივანე მაჭავარიანმა სესხების ჩამოწერის პროგრამა შეაჯამა. მისი თქმით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჯამში 4 მილიარდ ლარამდე პრობლემური კრედიტი ჩამოეწერა.

"ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა. უკვე 600 ათასზე მეტი ადამიანს შეეხო ეს ინიციატივა და დაახლოებით 4 მილიარდამდე ვალი ჩამოეწერათ მათ. ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც არ შემოუერთდნენ ამ პროცესს. 15 იანვრამდე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც მოხდა ამ ვალის დაფარვა ქართუს მიერ, მათთვის ჯერ კიდევ კარი ღიაა", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

19 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ ინიციატივა გააჟღერა. მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტის ღირებულება სულ 1,5 მილიარდი და სრულ ღირებულებას ფონდი ქართუ დაფარავს.

გაიგეთ მეტი: როგორ განულდება ვალები და რამდენია პროექტის რეალური ღირებულება