საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკას აზრი არ აქვს, რადგან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

"არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ეს მოვლენა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ერთადერთი არ არის, ვინც თქვა, რომ გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. თავმჯდომარის აზრს იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი და საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე აირჩიეს. მან თავმჯდომარის მოვალეობები უნდა შეასრულოს. ამავე დროს, ფოფხაძე პირველი მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც არის და არჩევის შემდეგ აღნიშნული კომიტეტი უნდა დატოვოს.

31 დეკემბრის კომიტეტი სხდომაზე კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი წარადგინა.

სხდომის დასაწყისში სამი კანდიდატურის დაყენებას უკმაყოფილება მოჰყვა ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან. დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მისი განცხადებით რეგლამენტის დარღვევაა. ბესელიას განმარტებით, სხდომის საკითხი თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა იყო, შესაბამისად, დამატებითი კანდიდატურების წამოყენების კანონიერი უფლება ჰქონდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი