რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი წელი თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს მიულოცა, მათ შორის დე-ფაქტო რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებსაც. თუმცა, მის სიაში ვერ მოხვდნენ მის მიერვე ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები.

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს პირველი პირების სია, ვისაც რუსეთის ლიდერმა პატივი დასდო და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. სიაში არიან აშშ-ს, საფრანგეთის, თურქეთის, ბელარუსიის და სირიის პრეზიდენტები. პუტინმა კეთილი სურვილები და სამომავლო პარტნიორობა უსურვა გერმანიის კანცლერს, კანადის პრემიერ-მინისტრს და ბრიტანეთის დედოფალსაც. მან გულითადი მოკითხვა არ დაიშურა სომხეთის პრეზიდენტის მიმართაც და ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ესაუბრა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, პუტინმა ხაზი გაუსვა წელს გამართულ ე.წ დამოუკიდებლობის 10 წლისთავის მნიშვნელობას. იქვე აღნიშნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს "ორი ძმური ერისა და ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად". დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილშიც ანალოგიური ტექსტი ეწერა.