გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მცხოვრებმა ქალმა, 7-წლიანი ქორწინების შემდეგ, ქმარი eBay-ზე გასაყიდად განათავსა. როგორც მან საიტზე აღნიშნა, მას ქმრის ნეგატიური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ "ყელში ამოუვიდა".

ფოტო: eBay

40 წლის ქალმა, რომელიც ფსევდონიმით, Dörte L, არის ცნობილი, ქმრის ფასად 18 ევრო [$20/₾55] დააწესა და პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:

"ძვირფასო ქალებო, ვინც დაინტერესებულნი ხართ, შობამდე ორი დღით ადრე მივხვდი, რომ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთისთვის არ ვიყავით შექმნილნი. მზად ვარ, უარი ვთქვა ჩემს ქმარზე. ფასზე მოლაპარაკება შეიძლება, თუმცა გადაცვლაზე უარს ვამბობ. დამიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე".

სარეკლამო პოსტის სათაური იყო "გამოყენებული ქმარი" და მას თან ერთვოდა ფოტო, რომელშიც წყვილის საშობაო ნაძვის ხე ჩანდა.

მოგვიანებით, ადგილობრივ ქალმა ადგილობრივ გაზეთს უთხრა, რომ ქმარმა eBay-ზე განთავსებულ პოსტზე არაფერი იცოდა და ამის შესახებ მედიიდან შეიტყო:

"სარეკლამო პოსტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ბევრი პოზიტიური პასუხი მივიღე. ვიღაცამ სიცილის ბევრი ემოჯიებიც კი გამომიგზავნა. ეს მხოლოდ სახალისოდ გავაკეთე, დრამის გამოწვევა არ მსურდა".

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ადამიანმა პარტნიორი eBay-ზე "გასაყიდად გაიტანა". 2018 წლის ოქტომბერში, ბრიტანელმა კაცმა შეყვარებული გოგოს დატროლვა განიზრახა და ის ონლაინ მაღაზიაზე განათავსა. 24 საათში შემოთავაზებამ 91 ათას დოლარს გადააჭარბა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, eBay-მ პოსტი საიტიდან მალევე წაშალა, რადგან ონლაინ მაღაზია ნივთების გაცვლისთვისაა განსაზღვრული.

2016 წელს, eBay-ზე გასაყიდად განათავსეს პაატა ბურჭულაძის პარტიაც.