საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანთან ციხეში მას მერე აღარ შესულა, რაც რუსთავი 2-მა მათი საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს პარლამენტმა მიაწოდა, ჯაფარიძემ კი დაუდასტურა.

რუსთავი 2-მა ჩანაწერები 14 ოქტომბერს გაასაჯაროვა, მირზა სუბელიანმა კი თვითმკვლელობა 15 ოქტომბერს სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების გავრცელების დროს ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებდა, რომ "გასაჭირში ყველა სვანს დაუდგებოდა გვერდით", სუბელიანის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მისი ნახვის შესახებ დასმულ კითხვას ასე პასუხობს:

"გაოგნებული ვარ პირდაპირ თქვენი შეკითხვით... მეტყვის რატომ ვქენიო?.. მე ვიყავი და რამდენჯერმე ვცადე დარწმუნება და არ დამიჯერა, რაღა აზრი ჰქონდა".

დეპუტატი, რომელსაც 2018 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია, On.ge-ს ადანაშაულებს, რომ არ ინტერესდება, ვინ ჩაწერა მისი და სუბელიანის საუბარი.

"თქვენ ეგ არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ ჟურნალისტი არ ხარ".

მან არ უპასუხა კითხვას, რატომ არ ისაუბრა ამ საკითხის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან და On.ge-ს ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აუდიოჩანაწერების შესახებ დაწყებული გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ.

ჯაფარიძის ვიზიტები სუბელიანთან

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხუთჯერ შევიდა მირზა სუბელიანთან შესახვედრად.

ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ სუბელიანს ჯაფარიძე შაბათს, 6 ივლისს, 21 ივლისს, 11 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს შეხვდა.

ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში იმ დღესაც შევიდა, როცა რუსთავი 2-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ჩანაწერის სრული ვერსია იმავე საღამოს, კვირას, 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"

14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული. კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.

16 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ "მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების" საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლებით იძიებს.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორისაა ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობა, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტები გაასაჯაროოს, მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.