ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს ემუქრება. ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის ღირსების შელახვას არავის აპატიებს, ამიტომ მეუფე პეტრეს "გასაკეთებელს გაუკეთებს"

"როგორც მაგი იქცევა, ერთ რამეს გეტყვით რა, ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ, მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო, ხოდა, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ", — განაცხადა იაკობმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც მეუფე განმარტავს, სინოდის სხდომის დაწყების წინ მან მოითხოვა, ე.წ. ციანიდის საქმე განეხილათ, თუმცა "რეპლიკებით უთხრეს", რომ ამ საკითხზე სხვა თემების ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ.

"[სხდომის] ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვის დროს.

27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხარდაჭერა იყო. სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის ეკლესიაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი შემდეგ სხდომაზე მიიღებენ.