დემურ სტურუას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია.

29 აგვისტოს, პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობის გზით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დემურ სტურუას ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს. მათი თქმით, ექსპერტიზა სტურუას წამების ფაქტს ადასტურებს:

"ექსპერტიზაში წერია: დემურიკოს მარჯვენა ფეხის წვივზე დაზიანება, ნაცემი და ენის მარცხენა მხარეს ნაწამები. ეს პასუხები ახლა გახდა ცნობილი და ოჯახი ვითხოვთ, სასწრაფოდ, ამ დილით შევიტყვეთ, რომ გოდერძი თევზაძე მიმალვაშია. დაიმალა, გაქცეულა."

22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს თავი მოიკლა. სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში აღწერა, თუ როგორ აიძულებდა პოლიციელი თანასოფლელებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვებას მარიხუანის შესახებ.