მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე არასდროს უსაუბრია. მურუსიძემ ამის შესახებ გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"[ივანიშვილთან შეხვედრაზე] იდგა მოსამართლის ხელფასის თემა, მოსამართლეების სტაბილურობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა იდგა. კონკრეტული თემა არასდროს ან განგვიხილავს. აბსოლუტური სისულელეა, საერთოდ არ გვქონია ვანო მერაბიშვილზე საუბარი", — თავისი სიტყვების გასამყარებლად კი მან პირჯვარი გადაიწერა.

მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. მურუსიძის უვადო მოსამართლეობას საბჭოს უმრავლესობამ, 11 წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან მურუსიძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში სახელმწიფო გაამტყუნა და ქართული სასამართლო გააკრიტიკა. მურუსიძის მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სახელმწიფო ჯამში 83 000 ევროთი აზარალა.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, სამართლიანობის აღდგენა დააანონსა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მურუსიძე, რომელიც მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, "დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაში მის თანამონაწილედ გამოაცხადა".

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლევანი გახლავთ დემოკრატიული წესით არჩეული იუსტიციის საბჭოს მდივანი. აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, რომ განწყობილია, ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს, იზრუნოს. ამას იღებს საკუთარ თავზე, ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა კაცს პრინციპული ხედვები აქვს, რომ სასამართლო იყოს ღირსეული და შესატყვისი ევროპულისა", – განაცხადა ივანიშვილმა.

2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30–ში საუბრისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი იყო "არა კონკრეტული მოსამართლის, არამედ სისტემის მსხვერპლი".

გაიგეთ მეტი: