დღეს ინსტაგრამმა მცირე დროით აპლიკაციის ფორმატი შეცვალა, ვერტიკალურად სქროლვის ნაცვლად, ახლა მომხმარებლებს ფოტოების დასათვალიერებლად მათზე უნდა დაეჭირათ, ისევე, როგორც ეს ფეისბუქისა და ინსტაგრამის Stories-ში ხდება.

როგორც აღმოჩნდა, ახალი ფუნქციის შემოწმება მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებზე იგეგმებოდა, თუმცა განახლება იმაზე მეტ ადამიანს შეეხო, ვიდრე გათვლილი იყო, რამაც ინსტაგრამის მომხმარებლებში პანიკა გამოიწვია.

ინსტაგრამის მთავარმა ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ საკუთარ ტვიტში განაცხადა, რომ ჰორიზონტალური სქროლინგი პატარა ცდა იყო, რომელიც უამრავ ადამიანზე შემთხვევით გავრცელდა.

"ბოდიშს გიხდით დაბნევისთვის, ჩვენ ახალ იდეებს მუდმივად ვტესტავთ, თუმცა, როგორც წესი, ბევრად უფრო მცირე მასშტაბებით. თუ თქვენი ინსტაგრამი საწყის მდგომარეობას კვლავ არ დაბრუნებია, უბრალოდ აპლიკაცია გადატვირთეთ. ", - განაცხადა მოსერიმ და ბედნიერი ახალი წელი გვისურვა.

მომხმარებლების ნაწილი იმასაც ეჭვობს, რომ შესაძლოა ეს ტესტი სულაც არ ყოფილიყო, გაჩნდა ვარაუდი, რომ ინსტაგრამმა ახალი ფუნქცია ცუდი გამოხმაურების გამო სწრაფადვე გათიშა.

ეს ვარაუდი ორი არგუმენტით შეიძლება გამყარდეს:

ა) ტესტებს, როგორც წესი, პატარა სეგმენტებზე აკეთებენ და მცირეა იმის შანსი, რომ აუდიტორია იმაზე ფართო აღმოჩნდეს, ვიდრე დაგეგმილია;

ბ) გარდა ცვლილებისა, მომხმარებლებმა ინსტრუქციებიც იხილეს, რაც ახალი ფუნქციის შემოტანისას ხდება ხოლმე.

გამიზნული იყო "ტესტი", თუ შემთხვევითი, მთავარია, რომ ინსტაგრამი საწყისს ფორმატს დაუბრუნდა და ახლა შეგვიძლია, რომ სქროლვა მშვიდად გავაგრძელოთ.