"ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ", — ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

"არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული გადადგომაზე განცხადება, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარები მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და გვექნება საზოგადოებასთან საუბარი ამ ყველაფერზე. მე არცერთ მიზეზს არ გავშლი თქვენი ნებართვით, დღეს, მიზეზებს მოგვიანებით დავუბრუნდებით", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს, 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; დიმიტრი გვრიტიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაზე; გიორგი ტყავაძე; ნინო ქადაგიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მარიამ ცისკაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი