სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა On.ge-ს დაუდასტურა. ინფორმაცია პირველად ამის შესახებ რადიო WAY-მ გაავრცელა.

როგორც რადიო ავრცელებს, დაღუპული 14 წლის პანკისელი, მუხმად ფარეულიძეა, რომლის ოჯახი 2014 წლიდან სირიაში ცხოვრობს. დაღუპულის ნათესავების თქმით, სირიაში არიან მუხმად ფარეულიძის მამა — ახმად ფარეულიძე, დედა და სამი და-ძმა. ახმად ფარეულიძე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო.

თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გავრცელდა. შემდგომში ეს ინფორმაცია პენტაგონმაც დაადასტურა. ოფიციალური ცნობის თანახმად, მისი სიკვდილი ამერიკული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. 4-დან 14 მარტის ჩათვლით, ალ-შიშანი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ომარ ალ-შიშანი IS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ლიდერად მოიაზრებოდა. მის სანაცვლოდ 5 მილიონი აშშ დოლარი იყო დაწესებული. 2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი საქართველოს არმიაში მსახურობდა.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.