საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავშირა ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეების არჩევას. მისი თქმით, შეთანხმება არსებობდა, რომ მომავალ წლამდე, სანამ არ იარსებებდა კონკრეტული კრიტერიუმები მოსამართლეების არჩევის პროცესი გადაიდო.

დღეს, 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; დიმიტრი გვრიტიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაზე; გიორგი ტყავაძე; ნინო ქადაგიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მარიამ ცისკაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი