სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, იმსჯელეს ამ საკითხის შესახებ და გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებენ.

მისივე თქმით, საპატრიარქო აუცილებლად მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და გაითვალისწინებს უკრაინელი ხალხის სამართლიან მოთხოვნას.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. კონსტანტინოპოლის განცხადების თანახმად, გაუქმდა 1686 წელს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ნებას რთავდა კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა. როგორც რუსული ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო და იმედი აქვთ კონსტანტინოპოლი აზრს შეიცვლის.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. თავდაპირველად საპატრიარქომ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველო

კიევის პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება.

"საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — განაცხადა კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა. როგორც ცნობილია, კიევის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საუბარი არ ჰქონია.

საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. თუმცა მისივე თქმით, ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.