საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება პროცესი იხილოს გამჭვირვალედ და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცვლელი კრიტერიუმებით, დადგენილი წესით", — აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიამ აღნიშნა, რომ ის გუშინ, 26 დეკემბერს არ გადადგა, რადგან მისი მოვალეობის შესრულება ვანო ზარდიაშვილს მოუწევდა.

"მის იმედად ვერ დავტოვებდი", — განმარტა მან.

ბესელიას თქმით, მოსამართლეების ჩამონათვალში ის პირებიც იყნენ, ვინც მისი შვილის საქმეზე გამამტყუვნებელი გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს, 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; დიმიტრი გვრიტიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაზე; გიორგი ტყავაძე; ნინო ქადაგიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მარიამ ცისკაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი