თავის თავზე საუბარი არ უჭირს, განსაკუთრებით ბავშვობის მოგონებებზე. უმტკივნეულოდ იხსენებს, ფიზიკურ ძალადობას, რომლებიც იარებად შემორჩა, მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებს, როცა მეგობრობასა და თანადგომაზე საუბრობს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში. სწორედ ეს აძლევს ბრძოლის ძალას.

დღისით იმალება ფიზიკური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თავდასხმის მსხვერპლი ღამითაც არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად ამისა, წასვლაზე არ ფიქრობს. ბრძოლის გაგრძელება უნდა იმისთვის, რომ სხვას მასსავით აღარ ეშინოდეს.

მისი ისტორია ტკივილით, სირთულეებით, თუმცა სიყვარულით და თანადგომითაა სავსე. უნდა ხალხმა ამის შესახებ იცოდეს და სტერეოტიპული წარმოდგენების ნაცვლად ამით აფასებდეს.

ოჯახმა მიმიღო, ხალხმა — არა

ნატას დედა და მამა ბავშვობაში დაეღუპა. ბებია და ბაბუა ზრდიდა. გრძნობდა, რომ მათ უყვარდათ და გაუგებდნენ, ამიტომ ადრეულ ასაკში გაამხილა საკუთარი იდენტობა.

"უბანში ჩემი მეგობარი ბიჭების მიმართ ლტოლვა არ მქონია, მაგრამ სკოლაში დიდი ბიჭები რომ დავინახე, გამიჩნდა. მივხვდი, გოგოები არ მაინტერესებდა.

ძალიან მომეწონა გრძელი თმები, რომ დავინახე. ზოგადად სილამაზე მომწონდა ხოლმე. რომ ვხედავდი ლამაზ გოგოებს, გულში რაღაცნაირად... სულ მინდოდა მემეგობრა, მედაქალა.

თავიდან მეგონა, რომ ვიყავი გეი, 7 წლამდე. მერე გავაცნობიერე, რომ გეი არ ვიყავი და სხვა რაღაცები მინდოდა უფრო მეტი.

ბებიას ვეუბნებოდი ხოლმე და პაპას, რომ მე ბიჭები მომწონს. ვიცვამდი ხოლმე ბებიას ტანსაცმელს. მთელი თავისი ჭრელი ტანსაცმელი სულ ჩაკეტილი ჰქონდა, მაგრამ მაძლევდა უფლებას, ჩამეცვა, გადამეკეთებინა. ზაფხულობით, არდადეგებზე ვაწყობდი ხოლმე მოდურ ჩვენებებს".

ნატას განსაკუთრებით უყვარდა ლურჯი კაბა, რომელიც დიდი ჰქონდა. თავიდან ბებიას ქამრით იმაგრებდა, თუმცა მალე კერვა ისწავლა და თავის ზომაზე გადააკეთა. სახლში ამ კაბას ხშირად იცვამდა, ბოლოს რეცხვისგან გაიცრიცა. დახეულსაც არ თმობდა. უყვარდა აქსესუარებიც. ბებიას ტანსაცმელს ხშირად აჭრიდა ღილებსა და მძივებს და სამკაულებს იმზადებდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"მახსოვს ბებიას ჰქონდა მოსკოვიდან ჩამოტანილი ბეწვის "ნორკა", ძალიან ძვირადღირებული იყო. მკლავი მოვაჭერი, ფეხსაცმლის თასმა მოვაბი აქეთ-იქედან და ხელები ჩავყავი. სადღაც ვნახე პლაკატებში, ვიღაც ვარსკვლავს ჰქონდა გაკეთებული. გაზაფხულზე აღმოაჩინა, როცა გამოამზეურა ყველაფერი, რომ მკლავი აღარ ჰქონდა. მახსოვს, ძალიან გაბრაზდა. არ დავუსჯივარ. მაშინ პაპამ ითამაშა დიდი როლი. უთხრა, მაინც ამისთვის არ გვინდაო, გაანებე თავი, დაჭრას, ისედაც ცხოვრებისგან დაჩაგრული ბავშვია, მიეცი, რაც უნდა ჰქოდნესო".

მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუასგან თანადგომას გრძნობდა პრობლემები ბავშვობიდანვე დაეწყო. ამბობს, რომ ბიძა, მამიდები და სხვა ნათესავები კრიტიკულები და აგრესიულები იყვნენ. პრობლემები ჰქონდა სკოლაშიც.

"სკოლაში ფიზიკური ძალადობა ერთი-ორი მახსოვს. მწარედ მახსოვს, რადგან უკვე დიდი ვიყავი. ისე სიტყვიერი მუდმივად იყო. ცუდად მომმართავდნენ. სოფელში იყო სალანძღავი სიტყვა და იმას ეძახდნენ ყველას "ფუ, ეს პიდარასტიო". თუმცა, უფრო მეტი მეგობარი მყავდა, ვიდრე მოწინააღმდეგე. იმიტომ, რომ ერთად ვიზრდებოდით და მიჩვეული იყვნენ ჩემს ქცევას, ალბათ. ასე ვთვლი.

მასწავლებლებისგანაც ვგრძნობდი აგრესიას. ბევრი ცუდი გამოცდილება მაქვს, რომლის გახსენებაც არ მინდა, თუმცა ყველა მასწავლებლისგან — არა. ინგლისურის მასწავლებელი ძალიან მიყვარდა, ირმა ერქვა. ქართულის მასწავლებელი, რომელსაც ერქვა ზოია, კარგად მახსოვს".

იყო რაღაცეები, რაც მაძლებინებდა. ჩემი ყვავილები. მქონდა ძალიან ბევრი ვარდები სოფელში, სანამ სახლს გამიყიდდა ბიძაჩემი. ალბათ მაგიტომ არ მინდა იქაურობის ნახვა. განადგურებულია და გული მტკივა.

კლასელების ნაწილთან დღემდე მეგობრობს. სოფელში სახლი დაკარგა, მაგრამ მთელი სოფელი თავისი სახლი ჰგონია და მისასვლელიც ბევრგან აქვს. ბავშვობის მეგობრები განსაკუთრებულად უყვარს. მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად მათმა თანადგომამ გააძლებინა.

"ეს რაღაცები იყო, რაც მაძლევდა ძალას, რომ თვითმკვლელობაზე არ უნდა მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ერთი-ორჯერ ვცადე. რატომღაც ვეღარც გზას ვხედავდი და გამოსავალი არ იყო. მაგრამ რამდენიმე ბავშვობის მეგობარი მყავდა, რომელმაც არ დამკარგა".

ყველაფერი გართულდა, როცა ბაბუა გარდაეცვალა. 12 წლის იყო. ფინანსურად გაუჭირდათ, ფიზიკური მუშაობა მოუწია.

"ნათესავები ამბობდნენ ხოლმე, აი, ბიჭი ხარ იმუშავეო. ფიზიკური მუშაობა არც ახლა მეთაკილება, არ მრცხვენია. მიმაჩნია, რომ ყველა სამსახური არის ღირსეული, რასაც პატიოსანი შრომა ჰქვია. ჩემთვის პატიოსნება სხვანაირად განისაზღვრება და არ გულისხმობს პარტნიორების რაოდენობას. ვთვლი, რომ ინდივიდუალურია, ვისთვის როგორ, ჩემთვის ასეა და"...

14 წლის იყო, როცა ბებია დაეღუპა. მამის დატოვებული სახლი ბიძამ გაყიდა. ქუჩაში აღმოჩნდა. იძულებული გახდა, სოფლიდან წამოსულიყო, ორიენტაცია იყო გადამწყვეტი მიზეზი.

სხვა რამე მინდოდა და არა სექსსამუშაო ან ქუჩაში ყოფნა. სამწუხაროდ, ამას ვერ ავცდი

სოფლიდან წამოსული მალე ქვეყნიდანაც წავიდა სამსახურის საძებნელად. თურქეთში მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე, ხალიჩების, პლასტმასისა და სამშენებლო მასალების ქარხნებში.

"ძალიან ბევრ რთულად ადგილას ვმუშაობდი, მარტო იმის გამო, რომ სექს სამუშაოში ჩართვა არ მინდოდა და რაღაც სხვანაირი ცხოვრება მქონდა წარმოსახვაში. სხვა რამე მინდოდა და არა ქუჩაში ყოფნა. სამწუხაროდ, ამას ვერ ავცდი. მალე თურქეთში დეპორტი ჩამირტყეს, მუშაობის უფლება არ მქონდა და დამაკავეს.

თან დიაბეტი მაქვს, წამლების პრობლემა მქონდა. იმ შემოსავლით ქირას ვერ ვწვდებოდი. ზოგჯერ ინსულინის გაკეთების მეშინოდა იმის გამო, რომ საჭმელი არ მქონდა ნაჭამი. ვერავის ვერ მივმართავდი, რაღაც შიშები გამიჩნდა".

შემდეგ ნატამ დაამატა, რომ თავს არ იმართლებს, უბრალოდ, გამოსავალი ვერ იპოვა.

"იმდენი ფიზიკური ტრავმა მაქვს მიღებული, რომ... არ უნდა იყოს ძალადობა, ზოგადად ადამიანების მიმართ არ უნდა იყოს ძალადობა", — საუბარი ცოტა ხნით შეწყვიტა. ცრემლების გამო ბოდიშს იხდიდა.

აქტივიზმისკენ ფემინისტი ქალის სიტყვებმა მიბიძგა

ისტორიის თხრობა თავდახრილმა და თვალცრემლიანმა გააგრძელა. თბილისში ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობაში მივიდა. არასრულწლოვანი იყო და ყველა მომსახურებას ვერ იღებდა მშობლების თანხმობის გარეშე, მშობლები კი არ ჰყავდა. თუმცა, მარტო არ დარჩენილა, ლგბტ თემში ბევრი მეგობარი იპოვა და ბრძოლაც დაიწყო.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქტივიზმში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როცა 8 მარტის აქციაზე ერთ-ერთი ფემინისტი ქალის სიტყვით გამოსვლას მოუსმინა.

"ლესბოსელი ქალი საუბრობდა. მის იდეებს შეიძლება დღეს აღარ ვეთანხმები, მაგრამ მაშინ იყო ჩემი ღმერთი და მაშინ ვთქვი, რომ ვინაიდან ქომუნითის მიღებული ვყავარ, ბევრ ტრანსადამიანს ვუყვარვარ ეს ჩემი კეთილგანწყობა უნდა გამოვიყენო ტრანსაქტივიზმისთვის.

მითხრეს, ტრანსაქტივიზმში ყოფნა ძალიან რთულიაო, არ გეშინიაო. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი. 20-30 წლის წინ ვიღაცას რომ ეს გაეკეთებინა, რასაც დღეს ვაკეთებ, შეიძლება, ამ გზის გავლა აღარ დამჭირვებოდა".

საავადმყოფოში კარი რომ გაიღებოდა, არავის ველოდი

მზადყოფნა დამტვრეულ ძვლებად, ჭრილობებად და ჯანმრთელობის პრობლემებად დაუჯდა. მაგრამ გაჩერება არასწორად მიიჩნია.

"როცა საავადმყოფოში ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ჩემთან არავინ მოვიდოდა. როცა კარი გაიღებოდა, აბსოლუტურად, არავის ველოდი.

ჩემი სოცმუშაკები რომ შემოვიდნენ, პირველად, იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ... არ უნდა გამეხსენებინა ახლა ეს. ვერასდროს დავივიწყებ იმ სოც მუშაკების მთელ არმიას, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და დგას დღესაც".

დანით, "ატვიორკითა" და აგურით მაქვს დაზიანებული სხეული

სექსმუშაკად მუშაობის დროს თავს არაერთხელ დაესხნენ. სხვადასხვა ფიზიკური ტრავმა მიიღო, დასჭირდა თვალზე ოპერაცია.

ის საზოგადოება, რომლებიც კომენტარში მლანძღავს ხოლმე ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს. იმდენი მაქვს გადატანილი ის ჩემთვის არაფერი აღარ არი.

"ცხვირი მქონდა გატეხილი, მარცხენა ხელის მკლავში მქონდა დანა დარტყმული, ტვინის შერყევით ვიყავი. ვიწექი რეანიმაციაში. ცხვირი მეორედაც გამიტეხეს. ერთხელ "ატვიორკაც" კი მქონდა დარტყმული. სხეულის იარებსა და სტრესზე აღარ მაქვს საუბარი. არ ვაზვიადებ".

მის მიმართ აგრესიული არიან ქალებიც. არ აღიარებენ, თანასწორი არ ჰგონიათ. ერთხელ ავტობუსის გაჩერებაზე მოხუცმა ქალმა ქოლგით სცადა მისი ცემა.

"თავიდან ვერ მიხვდა ვინ ვიყავი. რომელი საათიაო მკითხა და ვუთხარი პირველის წუთებია-თქო. ავტობუსი ამ დროს არ მოვა და აქ რატომ აწერია, რომ მოვაო მკითხა. ვუთხარი, ალბათ, უბრალოდ, აწერია ამ დროს არ დადიან-თქო. შენ რა იციო. ველოდები ხოლმე როდის ამთავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, რომ მერე გამოვიდე ქუჩაში-თქო. რატომო მკითხა. ისე თბილად მელაპარაკებოდა გავიხსენი. ვუპასუხე, მოგეხსენებათ საქართველოში ტრანსადამიანის ცხოვრება როგორია-თქო და მონეტა, რომ გადაატრიალო ისე შეიცვალა უცებ ეს ქალი და მეცა".

თავს გვამართლებინებენ, რომ ასეთი დავიბადეთ

ნატასთვის ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ მტკივნეულია ხალხის მზერა, რომელიც თავს უცხოდ აგრძნობინებს.

"ერთხელ მარკეტში ვიყავი და ფოტოებს მიღებდნენ, დამცინოდნენ, რაღაც ცუდ სიტყვებს მეძახდნენ. ესეც დისკომფორტია. იძულებული ვარ ვიარო სხვანაირად. კაცის სპორტულები, "კაპიუშონები", რაღაცები მაქვს, რითიც დავდივარ. ეს ჩემთვის ორმაგი დისკომფორტია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამდენს უძლებს. ასეთი დავიბადე და რატომ უნდა მიწევდეს შეცვლა. არ ამირჩევია ვიღაცის მოკვლა, ნარკოტიკი, ძარცვა, სხვისთვის ცუდის კეთება. თუ ვარ ასეთი, დავიბადე და იმიტომ ვარ. ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. ძალიან რთული სიტუაციაა, თავი იმართლო და ადამიანებს უხსნა ის, რომ ასეთი დაიბადე".

გამჭოლ მზერებს ვერ გაუძლო. დღისით გარეთ გამოსვლა შეწყვიტა. ღამე ტაქსით დადის.

"მთელი ცხოვრება ტაქსით ვერ ივლი, ადამიანი ხარ, გჭირდება რაღაცები. ტაქსითაც არაა უსაფრთხო გადაადგილება. ყველას არ აქვს ამის საშუალებაც. როცა მთელი ღამე ქუჩაში დგახარ, რომ ქირა იხადო, თავი ირჩინო და მხარდამჭერი ადამიანები არ გყავს ძალიან რთულია".

დაცული სახლშიც არ ვარ

ვერც დღისით დამალვამ და ვერც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებამ ნატა აგრესიისგან ვერ დაიცვა. ძალადობამ სახლშიც მიაგნო.

"ორჯერ შემომივარდნენ სახლში. პოლიცია ვერ გამოვიძახე იმიტომ, რომ უბნელები მეგონა და არ მინდოდა გართულება. მაშინ არავინ იცოდა ჩემზე. ღამე ჩუმად გავდიოდი და გვიან ღამე შემოვდიოდი. დამალულად. დავურეკე მეპატრონეს. რატომ შემოგივარდნენო მკითხა. მომიწია თქმა და ბინის დაცლა".

ერთხელ მეზობლები შემომივარდნენ. დამინახეს და ყვიროდნენ შენნაირი აქ ვერ იცხოვრებსო. მაშინაც მომიწია ბინის დაცლა და გადავედი.

ბინის მეპატრონის გარდა სახლში დარჩენას უშლიდნენ მეზობლებიც. ხან სახლში შევარდნითა და ჩხუბით, ხან მუქარით.

"მეზობელმა ბიჭმა დამინახა და მითხრა არ მინდა შარი ავკიდო მეზობლებს და წადიო. არადა ორი დღის შესული ვიყავი ბინაში, ვლაგდებოდი. 400 ლარი მქონდა მიცემული მეპატრონისთვის, მაგრამ 50 ლარი მომიგდო უკან და მითხრა ან წახვალ, ან მთელი უბანი გცემსო. რა უნდა მექნა, წამოვედი".

ამ შემთხვევების შესახებ ნატას პოლიციისთვის არ განუცხადებია. აზრს ვერ ხედავდა, ეშინოდა.

"დაწერ საჩივარს, მაგრამ მთელი უბანი, რომ გიპირისპირდება და მთელი ეზო, კორპუსი ძალიან რთულია რამეს გახდე, მიუხედავად იმისა, რომ იურისტები გიდგანან გვერდში".

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი / ქალები საქართველოდან

მიუხედავად ამისა, ცდილობს ძალადობა უპასუხოდ არ დატოვოს და სხვასაც ბოლომდე მიაყვანინოს საქმე.

"ზოგადად მგონია, რომ უფლებების დასაცავად სასამართლოში ბრძოლა აუცილებელია. ანტიდისკრიმიანციული კანონის მიღების შემდეგ პირველი ტრანსგენდერი ქალი ვიყავი, ვინც ეს მუხლი გამოიყენა. დაზარალებულად მცნეს. მეორედაც. ჩემს გოგოებს ვცდილობ სტიმული მივცე, რომ ძალადობის საქმე შუა გზაზე არ დატოვონ. იმისთვის, რომ ასე უბრალოდ თავში აღარავინ ჩაგვარტყას და სახელმწიფომ დაინახოს, რომ ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე და მარტო ჭორის დონეზე არ დადიოდეს, რომ ჩვენ გვცემენ და ჩვენზე ძალადობენ.

პოლიციაში მხოლოდ სიკვდილის ასარიდებლად ვრეკავ

მაშინ, როცა მუდმივად საფრთხეში ხარ ერთადერთი იმედი სამართალდამცავი უწყება უნდა იყოს, მაგრამ ნატასთვის ისევე, როგორც სხვა ტრანსგენდერი ქალებისთვის, ასე არ არის. როცა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება პოლიციაში იმიტომ არ რეკავს, რომ დახმარების და თანადგომის იმედი აქვს, უბრალოდ, უნდა იმ მომენტში გადაარჩინონ.

"საპატრულო ეკიპაჟი მოდის ორჯერ მეტად ცინიკური, ირონიული. დასახმარებლად არა, გადასარჩენად ვრეკავ. არ მაქვს კრიმინალურ პოლიციაზე საუბარი. კრიმინალური როცა მოდის, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ახლა უკვე საპატრულო პოლიციაში აღარ ვრეკავ. სამორიგეოს ნომრები მიწერია ყველა უბნის. ქუჩაში, რომ გავდივარ, რომელ უბანშიც უნდა წავიდე, იმის სამორიგეოს ნომერი წინასწარ მაქვს გაშვებული ზარებში, რომ უცებ ავკრიფო, რომ ვიღაცამ არ მომკლას".

უნდა დავრჩე, რომ სხვამ იგივე გზა არ გაიაროს

მიუხედავად გამოვლილი გზისა, ნატა უარს ამბობს უსაფრთხო ქვეყანაში თავშესაფრის ძებნაზე და ცვლილებებისთვის რჩება.

"არასდროს არ მიფიქრია ლტოლვილად ჩაბარებაზე. მირჩევნია აქ ვიყო. 80 წლის ასაკშიც კი ტრანზაციას განვიცდიდე, ვიყო შეუმდგარი ტრანსგენდერი ქალი, მაგრამ ტრანსაქტივისტი. არ განვიკითხავ არავის. ადამიანები ინდივიდუალურები არიან და ინდივიდუალური პრობლემები გააჩნიათ. ზოგიერთი აუცილებლად უნდა წასულიყო. მეც ვიყავი დროებით წასული".

ფოტო: რადიო თავისუფლება

უცხოეთში ჩასულმა თავი უცნაურად იგრძნო. მიხვდა რამხელა გზა აქვს გასავლელი ქართველ საზოგადოებას და ამ გზის გასაკვალად დაბრუნდა.

"შვედეთში ვიყავი ერთხელ პრაიდზე და ცრემლსადენი გაზი ჩავიდე ჩანთაში. თარჯიმანი მეუბნება შეინახე სირცხვილია არავინ დაგინახოსო. ოდნავ ხმამაღალ სიტყვაზე ისეთი რეაქციები მქონდა მკვეთრი, რომ ხალხი გაოცებული მიყურებდა. ვუთხარი საქართველოდან ვარ და დღისით ჩემთვის ქუჩაში ქუსლებით გამოსვლა ისეთი მიუჩვეველია-თქო. არადა, იქ ტრანსგენდერი ქალი დღისით ავტობუსში ადის, ავტობუსის მძღოლიცაა, მასწავლებელია, სასწრაფოს მედდაა, სასტუმროს ადმინისტრატორია. ბედნიერად ცხოვრობენ".

მინდა, რომ საზოგადოებას, ყველას ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება, რომ არ იცხოვრონ ჩვენი ცხოვრებით.

ამბობს, რომ მსგავსი ყოფა ქართველი ტრანსგენდერებისთვის წარმოუდგენელია, რადგან ჯერ კიდევ გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

"როცა მთელი ღამე ქუჩაში დგახარ ქირისა და საჭმლის ფულისთვის ცოტა რთულია იმ ტრანსგენდერ ადამიანს ელაპარაკო მკერდზე, ვაგინაპლასტიკაზე და ტრანზიციაზე, რომელიც ჯდება ძალიან ძვირი. ან ელაპრაკო იმაზე, რომ პირადობაში ჩაიწეროს მდედრობითი.

ჩვენ რაღაცა გარკვეული აგრესია გვაქვს, განა არ გვაქვს. შეიძლება ჩვენც ვაშავებთ ხშირად. მაგრამ 24 საათი რომ თავის დაცვის რეჟიმში ვართ, რა უნდა ვქნათ?! შეეცადეთ კარგად გამიგოთ".

ქალთა უფლებადამცველის პრემია მეჭირა ხელში და ქვებს ვიცილებდი

სამომავლოდ ბევრი გეგმა და ოცნება აქვს. უნდა ცხოვრება აქტივიზმს მიუძღვნას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა გასული წლის ბოლოს მიღებულმა პრემიამაც.

როცა ნატამ ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის პრემია აიღო ემოციებს ვერ მალავდა. უფრო მეტი პასუხისმგებლობაც იგრძნო საზოგადოების წინაშე. თუმცა ამავე დღის დასასრულს ისევ ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ფოტო: თანასწორობის მოძრაობა

"როცა დამირეკეს და მითხრეს პრემიაზე ხარ წარდგენილიო, არ ველოდი. მითხრეს მაილზე ჩაგიგდებთ რა ინფორმაციაც გვაქვს თქვენზე და დაგვიდასტურეთ გამოვაქვეყნოთ თუ არაო. მინდოდა მეკივლა, მაგრამ ვერ ვკიოდი. ბინაში ვიყავი ახალგადასული და ბინის მეპატრონე მეორე სართულზე ცხოვრობდა. ემოციებისგან ვხტუნავდი და პასუხი ვერ გავეცი. მერე ვუთხარი, რომ დაედოთ...

ძალიან ბევრი უარყოფით მესიჯი მივიღე, მაგრამ იმდენი დადებითი მესიჯი მივიღე, რომ აღარ ჰქონდა იმათ აზრი".

პრემიის აღების შემდეგ სახლში მიმავალს ოთხი პირი დაესხა თავს. ქვაფენილიდან ამოყრილ ნატეხებს და ქვებს ესროდნენ, უმიზეზოდ.

"მეძახდნენ სახელებს: სალომე, სოფიკო, ნათია. რომ არ ვუპასუხე, მერე დაიწყეს შე ბოზოო. იმის აღქმა არ ჰქონდათ, რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი, საკმაოდ დიდი მანძილი იყო ჩვენს შორის, ვერ მხედავდნენ. ზოგადად, ქალზე იყო ეს ძალადობა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ პოლიცია არ გამოვიძახე და ეს ჩემი პრიზი სახლში მაინც მივიტანე. ეს ორი კვირა თვითშეფასება ამიმაღლდა. თავი უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალე. მეტი სტიმული მომეცა".

ეს უბრალოდ ისტორიები არ არის, მართლა ვარსებობთ

საუბრის დასასრულს ნატამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც აწუხებს, რაც სურს.

"ზოგიერთ არასამთავრობოში ყველაზე არ მაქვს საუბარი, ათასებს იღებენ არაფრის კეთებაში. ამ დროს ჩვენ გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა. აი, ამ ხალხმა არ მინდა, რომ ხელზე დაიხვიოს კატო მიქელაძის პრემია. მადლობელი ვარ და ბედნიერი, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები. ასე, უბრალოდ, ისტორიები არ დადის ჩვენზე, მართლა ვარსებობთ.

არ მინდა, რომ გრანტები მოიპოვონ ტრანსგენდერი ადამიანების სიკვდილისთვის. სიცოცხლეში დაგვინახონ და დაგვაფასონ იმ ლგბტქ ორგანიზაციებმა, რომელშიც ბევრ ტრანს არ უშვებენ. იმ კლუბებმა, რომლებიც ვითომ ფრენდლია, ვითომ, ღიად გამოხატავენ ამ ყველაფერს, მაგრამ ტრანსებს არ უშვებენ".

იმ ხალხს კი, ვისაც მის მსგავსად რთული გზის გავლა უწევს ასე ამხნევებს:

"ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და ქუჩის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება სინათლე. მინდა, რომ საზოგადოებას, ყველას ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება, რომ არ იცხოვრონ ჩვენი ცხოვრებით.

ჩემნაირი გოგოები იბადებიან, მე იმის იმედი მაქვს, რომ იგივე გზას არ გაივლიან".