ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების საქმეს დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია აკეთებდა. ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულებაზე 2016-2017 წლების სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელი იყო საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან გაწეული საქმისთვის მუნიციპალიტეტს საკუთარი შრომითი რესურსი ჰყავს.

ანგარიშით ირკვევა, რომ 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და შპს დაუ+ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, 9,6 ათასი ლარის ღირებულების საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. ამავე პერიოდში კი მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულმა 14-დან 19-მდე საჯარო მოსამსახურემ ანაზღაურების სახით 284,1 ათასი ლარი მიიღო.

ხელშეკრულების თანახმად, შპს დაუ+ -ს ევალებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშგების, პროექტების შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე ახალი ნორმატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ახალი ცვლილებებისა და სხვა მასალების მიწოდება. მუნიციპალტეტის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ნებისმიერი კონსულტაციის მომზადება და მიწოდება. ასევე ზეპირი ან სატელეფონო განმარტებების მიწოდება.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, შპს დაუ+ მუნიციპალიტეტს ყოველთვიურად წარუდგენდა საკანონმდებლო ბაზაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის შესახებ, შეტანილ ყველა სიახლესა და ცვლილებას. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საჭიროებიდან გამომდინარე, მიმწოდებელთან გადიოდნენ ზეპირ/სატელეფონო კონსულტაციებს.

აუდიტი წერს, რომ მსგავსი ხარვეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების
ანგარიშშიც მოხვდა.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ თუ შესაბამის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება, საკონსულტაციო მომსახურეობის ყოველწლიურად შესყიდვის ნაცვლად, გამგეობამ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.