გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შალვა თადუმაძე დღეს, 26 დეკემბერს ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილთან ერთად შეხვდა.

გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

ზვიად გამსახურდიას საქმე

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს.

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას "სათანადო რეაგირება" მოეხდინა საქმეზე გამოვლენილ "ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე". გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.