ტაილანდის პარლამენტმა კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას კანონპროექტის ავტორმა ტაილანდელი ხალხისთვის "საახალწლო საჩუქარი" უწოდა.

ქვეყანაში მარიხუანის რეკრეაციული მიზნით მოხმარება კვლავ არალეგალურად ითვლება.

საუკუნის წინ, მარიხუანა ტაილანდში ტრადიციული მედიცინის ნაწილი იყო, თუმცა ის 1930 წელს აკრძალეს. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ტაილანდი პირველია, სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება დაკანონდა.

"ეს ეროვნული საკანონმდებლო ასამბლეის საახალწლო საჩუქარია ტაილანდელი ხალხისთვის", - განაცხადეს პარლამენტში.

მარიხუანის გაყიდვა და პროდუქცია მკაცრად გაკონტროლდება. სამედიცინო მოხმარების მიზნით, მომხმარებლები მისი სპეციალური ოდენობით ტარებას შეძლებენ რეცეპტისა და სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში.

კვლევების მიხედვით, მარიხუანა მოზრდილებში ქრონიკულ ტკივილს აქრობს. მას ასევე იყენებენ ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და სისუსტის დროს. სამედიცინო მარიხუანა ასევე მეხსიერების პრობლემების დროს პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

იმ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია, მას უძილობის პრობლემებისა და ეპილეფსიური დარღვევების დროსაც იყენებენ.