ქართული ოცნების დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ტოკ-შოუ არჩევანში იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომელმაც ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

"მილიონ ორასი ათას ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას, რომ ხახვსა და კარტოფილზე გაიყიდა", — ამ სიტყვებით მიმართა აკაკი ზოიძემ თინა ბოკუჩავას.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის პასუხით, სახელისუფლებო გუნდმა თავად შეურაცხყო ამ საქციელით ამომრჩეველი და შემდეგ შეეცადა, ეს ქმედება ოპოზიციისთვის დაებრალებინა.

"თქვენ არ აყენებთ შეურაცხყოფას, როცა ამბობთ, რომ დაარიგეთ, გადაუღეთ და ჩვენ დაგვაბრალეთ?", — იკითხა ბოკუჩავამ.

აკაკი ზოიძის პასუხით, სამარცხვინოა ოპოზიციისთვის, თუ მათი კანდიდატი 5 კილო კარტოფილზე მეტი არ ღირს.

"თუ თქვენი მიშა და გრიგოლი 5 კილო კარტოფილზე მეტი არ ღირს, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე. მე თქვენს მაგივრად მაგას არ ვიტყოდი", — განაცხადა აკაკი ზოიძემ არჩევანში.

აკაკი ზოიძე და თინა ბოკუჩავას შორის კამათს გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე. მისი განცხადებით, ცინიზმია მმართველი გუნდის განცხადებები, რომ ხალხი 5კგ კარტოფილზე გაიყიდა. სერგი კაპანაძის თქმით, ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რის გამოც იძულებული გახდა ქრთამი აეღო.