42 წლის დიასახლისი სოფო თავის მესამე შვილს სკოლისთვის ამზადებდა, როცა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადება მოისმინა. მინისტრი ამბობდა, "დიასახლისებს მუშაობა არ სურთ".

"გაოგნებული ვიყავი, მან უგულებელყო ის ყველა დაბრკოლება, რომელსაც ცხოვრებაში წავაწყდი და ყველაფერი ორ მარტივ სიტყვამდე დაიყვანა "არ მსურს", — ამბობს ის.

სოფოს სამი შვილი ჰყავს. მთელ დღეს სახლის საქმეებს, დალაგებას, საჭმლის მომზადებას, ბავშვებისა და ქმრის მოვლას უთმობს. 18 წლის იყო, როცა დაქორწინდა, უფრო სწორად მოიტაცეს... სტუდენტი იყო, სწავლობდა ... უნივერსიტეტი დაამთავრდა, თუმცა დასაქმება ვერ შეძლო. სოფო ამ დრომდე უმუშევარია. ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ:

"მეუბნებოდნენ, რომ გამოცდილება მაკლდა, მიმანიშნებდნენ მცირეწლოვან შვილზე, არ მოსწონდათ, შანსს არ მაძლევდნენ".

ფოტო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

მცდელობის პარალელურად შვილებს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდათ. ასე გავიდა 25 წელი. დღესაც უმუშევარია. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, სკოლაში მისცეს შანსი, თუმცა მესამე შვილის დატოვება ვერსად შეძლო და იძულებული გახდა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

ამბობს, რომ ოცნებობდა წარმატებული კარიერა შეექმნა, თუმცა ახლა, თავად აკეთებს ყველაფერს შვილებისთვის, რომ მისი გამოცდილება არ გაიზიარონ:

"დეპრესია მაქვს, ვგრძნობ, რომ წლები დავკარგე და ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციის შანსი აღარ მექნება. ოჯახი და ბავშვები, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარ დაბრკოლებად მექცა, ცუდი გამოცდილებაა".

სოფო ერთ-ერთია იმ რესპონდენტებიდან, რომელმაც "დედების ჯგუფში" უპასუხა კითხვას — "რატომ არ ხართ დასაქმებული?". საკითხი რომ აქტუალურია პასუხების რიცხვმაც დაადასტურა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ამ მიზეზით, ისტორიების უმეტესობაში ქალების ვინაობა მათივე თხოვნით შეცვლილია. დაუსაქმებლობის ყველაზე ხშირ მიზეზებად ქალები საოჯახო ვალდებულებებს, მიზერულ ანაზღაურებას, ბავშვთან შეუთავსებელ სამუშაო გრაფიკსა და ქმრისგან აკრძალვას ასახელებდნენ.

"გათხოვებამდე კერძო პედაგოგი ვიყავი", — ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ნინო, რომელიც ამჟამად უმუშევარია. 27 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა რეგიონში. ამ ცვლილებამ ხელი შეუშალა გაეგრძელებინა თავისი საქმე. შემდეგ ფინანსური და ოჯახური ტრაგედიების გამო საერთოდ შეწყვიტა კარიერაზე ფიქრი, ბავშვებს უვლიდა...

"ვგრძნობდი, რომ მინდოდა ჩემი საყვარელი საქმე, მჭირდებოდა სამსახური, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ისევ მეოცნება".

33 წლის ასაკში, როცა მესამე შვილზე იყო ორსულად, გადაწყვიტა, მაგისტრატურაზე ჩაებარებინა. ფსიქოლოგია-სოციოლოგიას სწავლობს და სურს, რომ თავისი სოფელი ამ მიმართულებით განავითაროს:

"ოჯახთან პარალელურად სწავლა ძალიან მიჭირს, ვგრძნობ, რომ მიზნებზე უარი არასდროს უნდა თქვა, ამიტომ ვცდილობ ასე ძალიან. ვნანობ ყველა წელს, რომელიც დავკარგე, თუმცა მიხარია, რომ ამ დროს ჩემს შვილებს ვუთმობდი".

არსებობენ გამონაკლისებიც ანუ ქალები, რომლებიც ოჯახის პარალელურად მუშაობასაც ახერხებენ, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად. თამარ კიკაჩეიშვილი ერთ-ერთი მათგანია.

პირველი შვილი როცა გააჩინა 18 წლის იყო, სტუდენტი. საშიშროების წინაშე დადგა, ფიქრობდა, რომ ყველაფრისთვის თავის დანებება მოუწევდა.

"მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ რაღაცები გამეგრძელებინა და არ დამენებებინა თავი იმისთვის, რაც მიყვარდა, მეორე შვილი 25 წლის ასაკში გავაჩინე. იმ პერიოდში უკვე სტაბილური სამსახური მქონდა", — ამბობს თამარი.

ხშირად, როცა სამსახურიდან გვიან ბრუნდება დანაშაულის შეგრძნება აქვს, რადგან შვილს ვერ ნახულობს:

"ვფიქრობ, რომ ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად ხარისხიანად ატარებ დროს შვილთან და და არა, რამდენად დიდ დროს ატარებ".

სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, ანა დიაკონიძე საქართველოში ქალთა დასაქმების პრობლემას წლებია იკვლევს. ის თავის სტატიაში ქალების ეკონომიკურ აქტიურობაში ხელისშემშლელ მიზეზებზე წერს. მისი თქმით, ქალთა ეკონომიკური საქმიანობის შემაფერხებლებია:

  • საკანონმდებლო ხარვეზები ანუ შრომითი კანონმდებლობა, რომელიც არაა მორგებული ქალთა საჭიროებებზე;
  • ქალთა მიერ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;
  • ბავშვებზე ზრუნვისთვის არასათანადო ინსტიტუციური მდგომარეობა;
  • აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობა და ოჯახის მოვლის არაღიარება.

უხილავი შრომა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის კვლევით, ქალები, რომლებსაც მინისტრის აზრით "მუშაობა არ სურთ" კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალები დასაქმებულები არიან თუ არა. ამავე კვლევით, ქალები კვირაში, საშუალოდ, 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება.

დასაქმებული ქალები, საშუალოდ, 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას. ეს რიცხვი მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ეწევიან. იმ ქალების 49 პროცენტი, რომელიც აცხადებს, რომ არ მუშაობს, მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალებს უჭირთ ბავშვის აღზრდისა და დასაქმების შეთავსება. საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და დეკრეტული შვებულება მთავარი საკითხებია გადასაწყვეტ პრობლემათა შორის.

ქეთი, 28 წლის, დიასახლისი: "მინდა მუშაობა ძალიან რბილი ნათქვამია, იმდენად დიდი სურვილი მაქვს ვდგებოდე დილით, ვწესრიგდებოდე და გავდიოდე სახლიდან, ახალ ნაცნობებს ვიძენდე და სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობდე. როცა გასაუბრებაზე იგებენ, რომ მცირეწლოვანი შვილი მყავს, ფრთხებიან. ალბათ, ზეგანაკვეთურად ვერ გვამუშავებენ, ვერ მიგვიყვანენ შაბათ-კვირას სამსახურში".

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წერს, რომ ქალთა აუნაზღაურებელი შრომა რამდენიმე სახისაა.

  • ტიპური საშინაო შრომა: დალაგება, საჭმლის მომზადება, საჭირო პროდუქციის შეძენა...
  • ე.წ. სოციალურ-რეპროდუქციული შრომა — ეს ნიშნავს ბავშვთა მოვლასა და აღზრდას, ასაკოვან თუ მხცოვან ადამიანებზე ზრუნვას, ოჯახის ავადმყოფი წევრების მეთვალყურეობას და მოვლას... დამატებით კი, დიასახლისების უმეტესობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშიც მონაწილეობს.

"ოჯახში და ბავშვებთან იმდენი საქმე მაქვს, რომ ჩემი 6-წლიანი გამოცდილება, აბსოლუტურად, უკან დავტოვე. დილით როცა ვიღვიძებ, ვფიქრობ: "ახლა სამსახურში წასასვლელი რომ ვიყო, დარწმუნებული ვარ, ვერ შევძლებდი, ენერგია არ მეყოფოდა".

ქმრის ფაქტორი

გარდა საოჯახო ვალდებულებებისა, რომელსაც ქალი მიჰყავს გადაწყვეტილებამდე, არ იმუშავოს, უფრო დიდი პრობლემაა იძულება, როცა ქმარი არ აძლევს ცოლს უფლებას დასაქმდეს.

ამ საკითხზე რესპონდენტები ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა სხვების გამოცდილებას გვიზიარებენ. ერთ-ერთის თქმით, რომლის ანონიმურობაც დაცულია, მის გარშემო ძალიან ბევრ ქალს სურს დასაქმება, თუმცა ქმარი უკრძალავს.

"მასკულინური საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალების ჩაგვრაში", — ამბობს ის.

ფოტო: გაეროს ქალთა ფონდი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე დაუსაქმებელი ქალი აცხადებს, რომ ქმარი არ აძლევს მუშაობის უფლებას.

ფემინისტი აქტივისტისა და მკვლევრის, აია ბერაიას თქმით, პრობლემა კომპლექსურია და ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ასპექტებით განისაზღვრება.

აია ბერაია, ფემინისტი აქტივისტი და მკვლევარი

აია ბერაია, ფემინისტი აქტივისტი და მკვლევარი

ფოტო: ქალთა ფონდი საქართველოში

"ქალებისთვის ქორწინება განიხილება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პერსპექტივა, ქალი გათხოვდება და შემდეგ მას ქმარი მოუვლის", — ამბობს აია ბერაია.

მას ერთ-ერთ მაგალითად ქალებში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელი მოჰყავს, რომელიც ქალების ეკონომიკურ არააქტიურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

"ქალები ვერ იღებენ განათლებას და ვერ ერთვებიან შრომით ბაზარში ან ერთვებიან პირიქით, აუნაზღაურებელ შრომაში, ოჯახში. ეს ყველაფერი იწვევს ქალების ეკონომიკურ არააქტიურობას და ქალები ხდებიან დიასახლისები", — განმარტავს მკვლევარი.

დისკრიმინაციული შრომის ბაზარი

გაეროს კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ სამუშაო ძალა საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 63 პროცენტია, მათგან 79 პროცენტი არის კაცი, ხოლო 50 პროცენტი — ქალი.

ქალთა შრომის საშუალო ანაზღაურება მამაკაცების საშუალო ანაზღაურებას 37 პროცენტით ჩამოუვარდება, ხოლო დასაქმების ბაზარზე ქალებისთვის უმეტესად გაცილებით დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური სამუშაოებია.

დამოუკიდებელი პროფკავშირი სოლიდარობის ქსელი ყურადღებას მიზერულ ხელფასსა და მზარდ ხარჯებზე ამახვილებს. მათი ცნობით, ყველაზე მზარდი ეკონომიკური სექტორი —მომსახურების სფერო დიასახლისებისგან შედგება, რომლებიც პარალელურად საშინაო სამუშაოებსაც ასრულებენ.

სოლიდარობის ქსელი რამდენიმე პრობლემას გამოყოფს, რომელიც მათი თქმით, დიასახლისს დასაქმების მოტივაციას უქვეითებს:

  • ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი;
  • არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა;
  • ბაღები გადაჭედილია;
  • განათლების სისტემა ვერც განათლებას აძლევს სტუდენტს და ვერც შრომის ბაზრისთვის ამზადებს მას;
  • ამასთან, უმაღლესი განათლების საფასური და უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება ძვირია;
  • დეკრეტში გასვლისას სახელმწიფო სიმბოლურად ერთჯერად თანხას უხდის ქალს;
  • დეკრეტში გასულებს, არ აქვთ არანაირი გარანტია, რომ სამსახური შეუნარჩუნდებათ

ფაქტია, რომ საქართველოში ქალების დიდი ნაწილი ანაზღაურებად შრომაში არ არის ჩაბმული, მაგრამ ამ რეალობის მიზეზი, კვლევების გათვალისწინებით, სიზარმაცე ნამდვილად არაა. პრობლემა იმაზე მეტად კომპლექსური და მძიმეა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრს, შეიმუშავოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო სტრატეგია და იზრუნოს, რომ ქალების არაანაზღაურებადი შრომა გადაინაწილოს სახელმწიფომ, მათ შორის გამართონ მზრუნველობითი სერვისები, დაარეგულირონ ბაზარზე არსებული უთანასწორო ხელფასები და გადახედონ დეკრეტული შვებულების პოლიტიკას.