"სახალხო დამცველის ანგარიში რომ რაღაცას ამბობს, არ ნიშნავს, რომ ობიექტური ჭეშმარიტებაა", — ამის შესახებ ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამავე სხდომაზე განაცხადა. კომიტეტში დეპუტატ ემზარ კვიციანის კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბის, ბურქისა და ჩადრის ტარებას ეხება

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგო რატიანმა ქვეყანაში რელიგიის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში რწმენის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, რაც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.

სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეკლესიებს ანგრევდა:

"თქვენ რომ გვიმტკიცებთ, რომ ახლა უფრო უარესად იყო რელიგიის მდგომარეობა, ვიდრე მაშინ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს... ძალიან კარგად მახსოვს ის კადრები, ეკლესიებს რომ ანგრევდნენ და თქვენი ხელისუფლება როგორ ექცეოდა, მათ შორის, დედა ეკლესიას, ეგეც გვახსოვს".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბის, ბურქისა და ჩადრის ტარებას კრძალავს. კანონპროექტის ინიციატორია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანია, ხოლო მისი ავტორი ჰომოფობიური და ქსენოფობიური იდეების მატარებელი, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურქით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. გამონაკლისი იქნებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბითა და ბურქით ტურისტების სიარული. პროექტის ავტორის აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა "შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით".